კალაძე აშშ-ზე: ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს ცალმხრივი ხომ ვერ იქნება?

03.05.24 14:14
კალაძე აშშ-ზე: ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს ცალმხრივი ხომ ვერ იქნება?

"ჩვენ არავისთან არანაირი ურთიერთობის გაწყვეტა არ გვინდა, ჩვენ გვინდა სამართლიანობა - ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია - ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია", - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის დერეკ შოლეს განცხადებას და კობახიძის საჯარო პასუხს.

კალაძის თქმით, მათთვის ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ არავისთან არანაირი ურთიერთობის გაწყვეტა არ გვინდა, ჩვენ გვინდა სამართლიანობა - ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია - ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია. დღეს დასავლეთის და თუნდაც ამერიკის დისკრედიტაციას ისე არავინ ეწევა, როგორც მსგავსი განცხადებები და ის კონკრეტული სამარცხვინო ევროპარლამენტარები, რა განცხადებასაც აკეთებენ. ეს ძალიან მძიმეა საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ყველა ხედავს ორმაგ სტანდარტს. დღეს ხომ შეუძლებელია რაღაც დამალო, როდესაც სხვა ქვეყნისთვის რაღაც მისაღებია და შენ ამას გიკრძალავენ, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, როდესაც თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ხალხი სულელი არაა - ყველაფერს ხვდება, ხედავს, აანალიზებს და სწორი დასკვნებიც გამოაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, გადაიხედება თუ არა ამერიკასთან ურთიერთობები, კალაძემ უპასუხა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, ეს არის მათი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება.

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა -ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ცალმხრივი ხომ ვერ იქნება? იგივე გვინდა, რომ მეორე მხარისგან დავინახოთ და ვიგრძნოთ. ეს არის ჩვენი მარტივი დამოკიდებულება. ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს განსაკუთრებულს. აღნიშნულ კანონპროექტზე ვამბობთ, გვითხარით თქვე დალოცვილები, რატომ არის პრობლემური და თქვით ერთი არგუმენტი მაინც, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულობასა და ევროპულ ღირებულებებს გამჭვირვალობა.

ეწინააღმდეგებიან [კანონპროექტს] იმიტომ, რომ არ გასაჯაროვდეს ის ფაქტები და კონკრეტიკები, რომელიც ვიცით ხომ? - ვინ აფინანსებს ექსტრემიზმს, რევოლუციას, რევოლუციის მცდელობას, დაპირისპირებას, პოლარიზაციას. ერთი მხრივ, გეუბნებიან, შეამცირეთ პოლარიზაცია, მეორე ხელით ეს ფონდები ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებენ - არ არის ეს ლამაზი, ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს ეს გამჭვირვალე, ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ მტერია და ვინ მოყვარე“, - განაცხადა კალაძემ.

წყვეტს თუ არა საქართველო აშშ-თან ურთიერთობას? - რა უთხრა პრემიერმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს? - შოლესთან საუბრის შინაარსზე განცხადებას სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე ავრცელებს. 

"ურთიერთობების განახლებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება" - ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ სახელისუფლებო ძალას აშშ-სთან რთული ურთიერთობა აქვს.