"არ შეიძლება ქვეყანამ ღირსება დატოვოს და წავიდეს ულტიმატუმებით შეხვედრაზე" - ხუნდაძე კობახიძეს ამართლებს

03.05.24 14:59
"არ შეიძლება ქვეყანამ ღირსება დატოვოს და წავიდეს ულტიმატუმებით შეხვედრაზე" - ხუნდაძე კობახიძეს ამართლებს

"არ შეიძლება ქვეყანამ ღირსება დატოვოს და წავიდეს ულტიმატუმებით შეხვედრაზე," - ასე ამართლებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე პრემიერის დემარშს.

ის, რომ ირაკლი კობახიძემ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ის მიწვევაზე უარი უთხრა და მაღალჩინოსნებს არ შეხვდა, დიმიტრი ხუნდაძისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ბატონი ირაკლი კობახიძის პოზიცია იყო აბსოლუტურად სწორი, იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანამ ღირსება დატოვოს და წავიდეს ულტიმატუმებით შეხვედრაზე, ეს ურთიერთობები არ ჯდება პარტნიორულ ურთიერთობებში. ჩვენ ვიცით, უნდა იყოს თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემა და შეხვედრებს არ უნდა სჭირდებოდეს წინაპირობები და ულტიმატუმები,“ – ამბობს ხუნდაძე.

საქართველოს მთავრობის უარი შტატების მიწვევაზე - ივანიშვილის პარტია დიდ საკნდალშია გახვეული. საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, თუმცა ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი თქვა.

 "პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით" - ასე უპასუხეს დანიგანს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.