ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი შვილებისთვის, ურყევია - კობახიძე
ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი შვილებისთვის, ურყევია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობაძემ აღნიშნა, საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის გაძლიერებაც.
მინდა, სიამაყით აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა აზიის განვითარების ბანკს 2007 წელს შეუერთდა, როგორც აზიის განვითარების ფონდის ბენეფიციარი; დღეს კი საქართველოს აღნიშნულ ფონდში უკვე დონორი ქვეყნის სტატუსი აქვს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიზანდასახულობას და საქართველოს განვითარების შეუქცევადობას. მეგობრებო, ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევე როგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში.
ამდენად, ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი რეფორმებისა და პროექტების განხორციელებას უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.