თუ კანონს მაინც მიიღებენ, ამერიკელი პარტნიორების ქმედებები ძალიან მკაცრი იქნება - გიორგი ვაშაძე

05.05.24 15:30
თუ კანონს მაინც მიიღებენ, ამერიკელი პარტნიორების ქმედებები ძალიან მკაცრი იქნება - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდრი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თუ "ოცნება" რუსულ კანონს მაინც მიიღებს, აშშ-ს ქმედებები ძალიან მკაცრი იქნება. ოპოზიციონერი ლიდერი კონკრეტული ინდივიდების მიმართ არც სანქციებს გამორიცხავს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ქართველ ხალხს არ უნდა შეეხოს. 

ძალიან მკაფიო გზავნილი: თუ საბოლოოდ იქნება მიღებული კანონი, ძალიან მკაცრი იქნება ქმედებები ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. რა შეიძლება იყოს ეს ქმედებები? სანქციებიდან დაწყებული კიდევ ბევრი რამ. ჩვენ, ოპოზიცია ვმუშაობთ იმაზე, რომ ხალხს არ შეეხოს და კონკრეტული ინდივიდები ჭირსაც წაუღია, რომლებიც რუსულ ინტერესს ატარებენ დღეს ქვეყანაში. ძალიან მკაფიოა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს რუსულ გზაზე დგას და არა ევროპული ინტეგრაციის. რუსულ გზაზეც არა, უფრო სწორად, აკოპირებს რუსულ მექანიზმებს საქართველოში, რაც არ გაუვა არცერთ შემთხვევაში, - ამბობს გიორგი ვაშაძე.  

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ო'ბრაიენი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთზე დაფუძნებული კანონს მიიღებს და ღიად იტყვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს, მაშინ ვითარება ნათელი გახდება და ასეთ შემთხვევაში, ო'ბრაიენის თქმით, "ოცნებასთან" შტატებს "განსხვავებული საუბარი" ექნება.