როდის უპასუხებს ილია დარჩიაშვილი დეპუტატების კითხვებს - ოპოზიცია თარიღის ჩანიშვნას ითხოვს
როდის უპასუხებს საგარეო საქმეთა მინისტრი დეპუტატების კითხვებს? ოპოზიცია მოითხოვს, დასახელდეს თარიღი საპროცედურო ომით ჩაშლილი მოსმენის. დეპუტატებს ახლა ყველაზე მეტი კითხვა დიპლომატების მიმართ აქვთ. მაშინ, როცა ყველა სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს ხელისუფლებას ეუბნება, რომ რუსული კანონის მიღებით ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება, საინტერესოა, რატომ არიან ჩუმად საგარეო საქმეთა სამინისტროს კარიერული დიპლომატები.
ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლების დუმილი ახლა ღალატის ტოლფასია.
საგარეო საქმეთა მინისტრს არავითარი პოლიტიკური წონა არ გააჩნია და სამარცხვინოა მისი პოზიცია, სამარცხვინოა მისი დუმილი ისევე, როგორც დუმილი იმ ელჩების, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტიდან იღებენ ძალიან მაღალ ხელფასს და ეს ადამიანები არიან სრულიად ჩუმად, როდესაც სახელმწიფომ ღიად და საჯაროდ მოაბრუნა გეოპოლიტიკურ კურსი რუსეთისკენ. მათი დუმილი არის მხოლოდ და მხოლოდ მორჩილება, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილს ილია დარჩიაშვილს თანამდებობის დატოვებას ურჩევს.
დარჩიაშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, კობახიძე მაინც გაუშვებს სახლში და ალბათ მას ძალიან ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ პრიცნიპული გადაწყვეტილება მიიღოს, დაწეროს განცხადება და უთხრას სიმართლე ქართელ ხალხს, რომ საკუთარი რეპუტაცია მეტნაკლებად მაინც გადაირჩინოს და არ ჩაყვეს ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. მოვლენები ისე ვითარდება, რომ ეს საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში მოსვლას ვერ შეძლებს და ვერ გაბედავს, იმიტომ, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის, - ამბობს სალომე სამადაშვილი.