"დასავლელი პარტნიორებისგან მკაცრ რეაგირებას ველოდებით" - დეკანოიძე რუსულ კანონზე

06.05.24 15:59
"დასავლელი პარტნიორებისგან მკაცრ რეაგირებას ველოდებით" - დეკანოიძე რუსულ კანონზე

ივანიშვილის პრორუსული დოქტრინის საბოლოო ფაზის გამოვლინება, - ასე  აფასებს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ ქმედებებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ რუსული კანონის დაინიცირების და ასევე, ხელისუფლების ღიად პრორუსული გზავნილების შემდეგ დასავლელი პარტნიორებისგან უმკაცრეს რეაგორებას ელოდებიან.

როდესაც წყვეტ ურთიერთობას აშშ-თან, ავტომატურად გადადიხარ რუსულ ორბიტაზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ჩვენ განვიხილოთ როგორც ივანიშვილის პრორუსული დოქტრინის საბოლოო ფაზის გამოვლინება. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით ძალიან მკაცრ რეაგირებას და რეაქციას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, განსაკუთრებით თუ მათ გადაწყვიტეს, მესამე მოსმენითაც დაუჭირონ მხარი და ასევე შეეცადონ ვეტოს დაძლევას. სავარაუდოდ, ეს იქნება შეზღუდვა გადაადგილებაზე სხვადასხვა დასავლურ ქვეყნებში, სავარაუდოდ, ეს იქნება ფინანსური სანქციები ივანიშვილზე, - ამბობს დეკანოიძე.  

"პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი ამბობს, რომ რუსული კანონის გამო ამერიკა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციებს აუცილებლად დაუწესებს. მისი თქმით, სანქციების შესაბამისი პაკეტის მზადება უკვე ადწყებულია და ახლა სახელმწიფო დეპარტამენტი კანონპროექტის კანონად ქცევას ელოდება.