ეცდება თუ არა „ოცნება“ რუსული კანონის დამტკიცებას პარასკევს? - ივანიშვილის გუნდმა მოულოდნელად, კომიტეტის სხდომა ჩანიშნა
"ქართული ოცნების" მოულოდნელი სვლა - ეცდება თუ არა მმართველი გუნდი რუსული კანონის დამტკიცებას მიმდინარე კვირას?
პრემიერის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეს, მოულოდნელად დილის 9 საათზე ივანიშვილის პარტიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩანიშნა. ეს მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციების მონაწილეებმა რეგიონებში პროტესტი დააანონსეს. კომიტეტის განსახილველ თემებს შორის ჯერჯერობით რუსული კანონი არ არის, თუმცა გამორიცხული არ არის, საშიში კანონის განხილვა დღის წესრიგში ბოლო წუთებში შეიტანონ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი "ოცნების" შიშის გამოვლინებაა, ვინაიდან მმართველმა გუნდმა იცის, რომ თბილისიდან ახლა ხალხი რეგიონებშია გასული და "ოცნება" ასწრებს, რომ პარასკევსვე მოხდეს კანონის დამტკიცება კომიტეტის სხდომაზე და პროტეტის ფონზე არ მოუწიოს ამის გაკეთება.
"ოფიციალური დასვენების დღეს სხდომის ჩანიშვნა უცნაურია, მათ უნდა გამოიძახონ მათ შორის აპარატის თანამშრომლები სამსახურში და რა ფორმით მოხდება ეს და რატომ ასე სასწრაფოდ, ეს ნამდვილად უცნაურია. მით უფრო, რომ რეგლამენტი იძლევა შესაძლებლობას, რომ დაემატოს საკითხი, მათ შორის რუსული კანონი მესამე მოსმენით. ჩვენ ვიცით, რომ ამ კანონს მოჰყვება ვეტო და შემდგომი ეტაპი ჯერ კიდევ წინ არის. ნამდვილად საეჭვოა, რადგან დასვენების დღეს კომიტეტის სხდომა არ ტარდება", - ამბობს თეონა აქუბარდია.