საქმე გვაქვს „ოცნების“ მორიგ „ვირეშმაკობასთან“... მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება - ჩიხლაძე

07.05.24 12:42
საქმე გვაქვს „ოცნების“ მორიგ „ვირეშმაკობასთან“... მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება - ჩიხლაძე

ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი „ვირეშმაკობა“ - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე პარლამენტში 10 მაისს, მოულოდნელად იურიდიული კომიტეტის ჩანიშვნას. 

ჩიხლაძის თქმით, “ქართულ ოცნებას” ეს სჭირდება იმისთვის, რომ უცებ მიიღონ კანონი, რადგან მათ არ სურთ პროტესტის მოსმენა რუსთაველსა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

“ეს არის “ქართული ოცნების” მორიგი “ვირეშმაკობა”, როდესაც თავისივე პრემიერის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეს, დილის 9 საათზე ნიშნავ კომიტეტს. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოიყვანოს პარლამენტის თანამშრომლები და დასვენება - დასვენება არ არის. ის საკითხები, რაც ჯერჯერობით [დღის წესრიგშია] შეტანილი, გადაუდებელი არ არის, რომ მაინც და მაინც დასვენების კვირაში და პრემიერის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეს ჩაინიშნოს. რა თქმა უნდა, ლეგიტიმური ეჭვია, რომ ეს არის იმისთვის გაკეთებული, რომ უცებ შემოაცურონ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის] მესამე მოსმენაც, მითუმეტეს, რომ მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ეს არის პროცედურული, განხილვა არ ხდება და შესაძლოა, რომ 10 წუთში დამთავრდეს ეს მოსმენა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ეს არის იმისთვის გაკეთებული, რომ იმავე ან წინა დღეს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დააყენოს ეს საკითხი.

ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ უცებ მიიღონ [კანონი], რადგან მათ არ სურთ პროტესტის მოსმენა რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მაგრამ ეს მათი “მოკლე ჭკუით” მიღებული გადაწყვეტილებაა, რადგან პროტესტი იქნება საღამოსაც, სესიის დროსაც, ვეტოს დაძლევის დროსაც და არამხოლოდ თბილისში, არამედ ყველა დიდ ქალაქში. ამიტომ ეს არის “ქართული ოცნების” “ვირეშმაკული” გადაწყვეტილება, რომელიც მათ სჩვევიათ”, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

"ქართული ოცნების"  მოულოდნელი სვლა - ეცდება თუ არა მმართველი გუნდი რუსული კანონის დამტკიცებას მიმდინარე კვირას? 

პრემიერის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეს, მოულოდნელად დილის 9 საათზე ივანიშვილის პარტიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩანიშნა. ეს მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციების მონაწილეებმა რეგიონებში პროტესტი დააანონსეს. კომიტეტის განსახილველ თემებს შორის ჯერჯერობით რუსული კანონი არ არის, თუმცა გამორიცხული არ არის, საშიში კანონის განხილვა დღის წესრიგში ბოლო წუთებში შეიტანონ.