საქართველოსა და კამბოჯის ეროვნული ბანკები დედოლარიზაციის პროცესზე იმუშავებენ
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს კამბოჯის ეროვნული ბანკის დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის დროს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დედოლარიზაციაზე, ანუ დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაზე მუშაობასაც ისახავს მიზნად.
მემორანდუმს ხელი მოაწერა კამბოჯის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჩია სერეიმ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
"მხარეები უზრუნველყოფენ რეგულარულ ტექნიკურ თანამშრომლობას ექსპერტულ დონეზე ცენტრალური ბანკის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავება, საპროცენტო განაკვეთის დერეფნის დადგენა, ლიკვიდობის პროგნოზირება, დედოლარიზაციის გამოცდილება, საგადახდო სისტემები და ციფრული ინოვაციები საგადახდო სერვისებში. ამ მიზნით იგეგმება შესაბამისი დისკუსიების გამართვა, ასევე, ერთობლივი სემინარებისა და კვლევების წარმოება ურთიერთშეთანხმებულ სფეროებში." – წერია სებ-ის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შეთანხმების მიზანი მხარეებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფაა და მემორანდუმი ეკონომიკურ-ფინანსურ მოვლენებზე მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლასაც ითვალისწინებს, მათ შორის ორივე მხარეს არსებული კანონებისა და რეგულაციების შესახებ.
Khmer Times-ი წერს, რომ ორი ქვეყანა დედოლარიზაციის დამუშაობის გაღრმავებაზე შეთანხმდა.
ჩია სერეიმ კი დაწერა, რომ "საქართველომ დოლარიზაციის მაჩვენებელი 2015 წლიდან მოყოლებული 90%-დან 2024 წელს 45%-მდე შეამცირა".