ევროპარლამენტარები ცდილობენ, რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში - ბოჭორიშვილი

07.05.24 15:42
ევროპარლამენტარები ცდილობენ, რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში -  ბოჭორიშვილი

მე დავსვამდი კითხვას: რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების სურვილი? - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტარების საგანგებო მიმართვას.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები ცდილობენ, "რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში".

“ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია და მე ვფიქრობ, რომ ამ 31 ევროპარლამენტარს შეეძლო საკუთარი მოსაზრებები იმ რეზოლუციაში დაეფიქსირებინათ, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა. არ ვიცი [ევროპარლამენტარებს] რა დარჩათ სათქმელი რეზოლუციის მიღმა, თუმცა ეს არის კიდევ დამატებითი ინსტრუმენტი, რომ აქ რამენაირად დაეხმარონ ევროპარლამენტარები საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მე დავსვამდი კითხვას: რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები? რამდენად არის ის ქართული სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესში, როდესაც ხელისუფლებასაც და ხალხსაც აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებული სურვილი?  საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს არ არის ხუმრობით გაკეთებული განცხადება, ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ეს ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას. ამას წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება ვერ დაუდგება", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ - ევროპარლამენტარების საგანგებო მიმართვა ევოკავშირის უმაღლეს კომისარს. 

30 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს საგანგებო განცხადებით მიმართავს და რუსული კანონის ინიცირებისა და აქციის მონაწილეების სასტიკად დარბევის გამო საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეაგირებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თხოვს.

ღია წერილში ნათქვამია, რომ რუსული კანონის ინიცირებით და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით , ოლიგარქის პარტიამ ყველა ზღვარი გადალახა, ამიტომ ევროდეპუტატების ნაწილი სტატუსის შეჩერების საკითხის განხილვას ითხოვს.