სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით - ვაშაძე

07.05.24 15:54
სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით - ვაშაძე

ევროპარლამენტარების მიმართვა ევროკომისიის ლიდერისთვის ოპოზიციისთვის საგანგაშოა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ახლა ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს.

ვაშაძის თქმით, სანქციები უნდა დაეკისროს "იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით".

„სიტუაცია არის ძალიან მძიმე, იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახაა, „რუსული კანონით“ საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. ამას აკეთებს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. მაგიდაზე, სამოქმედო გეგმაში დევს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამოქმედოს. ალბათ ნახეთ ევროპარლამენტარების წერილი. სამწუხაროდ, საუბარია კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, შესაბამისად, ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს. სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული - რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ქვეყანა ერთიანია, ერი ერთიანია და ცალკეული პატარა ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, თავის მიზანს ვერაფრით მიაღწევს. პროტესტი არის დეცენტრალიზებული, ბუნებრივი და საბოლოო ჯამში, პროტესტი აუცილებლად მივა გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ვაშაძემ.

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ - ევროპარლამენტარების საგანგებო მიმართვა ევროკავშირის უმაღლეს კომისარს. 

30 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს საგანგებო განცხადებით მიმართავს და რუსული კანონის ინიცირებისა და აქციის მონაწილეების სასტიკად დარბევის გამო საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეაგირებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თხოვს.

ღია წერილში ნათქვამია, რომ რუსული კანონის ინიცირებით და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით , ოლიგარქის პარტიამ ყველა ზღვარი გადალახა, ამიტომ ევროდეპუტატების ნაწილი სტატუსის შეჩერების საკითხის განხილვას ითხოვს.