კობახიძე შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა - რა ახსნა ჰქონდა პრემიერს

07.05.24 18:25
კობახიძე შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა - რა ახსნა ჰქონდა პრემიერს

რუსული კანონი, ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და შვედეთს შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და თავდაცვის სფეროები - ამ საკითხზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძემ და შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იოჰან ფორსელმა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერმა იოჰან ფორსელს აუხსნა, რომ კანონპროექტი "საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს".

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რომელმაც ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პრემიერმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, რაც საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას." ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.