საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო უქმდება – კანონპროექტი ინიცირებულია

07.05.24 18:38
საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო უქმდება – კანონპროექტი ინიცირებულია

ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები ერთიანდება და მათ 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო ჩაანაცვლებს.

მოქმედი კანონმდებლობით, საინვესტიციო საბჭო 4 ადამიანისგან – დასავლელი ფინანსისტისგან შედგება. სწორედ ისინი წყვეტენ, რომელ ბირჟებზე მოხდება საპენსიო თანხების ინვესტირება. საბჭოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ამტკიცებს.

მოქმედი კანონმდებლობით, საინვესტიციო საბჭოს პარლამენტს შესარჩევი კომისია წარუდგენს, რომელიც 7 წევრისგან შედგება: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი, 1 დამოუკიდებელი წევრი. დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი.

ინიციირებული კანონპროექტით, საინვესტიციო საბჭოს შეცვლის მმართველობითი საბჭო, რომელიც 15 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული – პროფესიონალი და თანამდებობრივი წევრებისგან.

მმართველობითი საბჭო პასუხისმგებელი იქნება როგორც საპენსიო ფონდის მართვაზე, ისე – ინვესტირების პროცესზე.

მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს შერჩევის შემდეგ კომისია დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს.

თუ მმართველობითი საბჭოსთვის შეირჩევა 9 წევრი,1 წევრი იქნება თანამდებობრივი და 8 – პროფესიონალი, ხოლო 9 წევრზე მეტის შემთხვევაში შესაძლებელია არსებობდეს 2 თანამდებობრივი წევრი. თანამდებობრივი წევრი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი.

თანამდებობრივ წევრებს პირდაპირ საქართველოს მთავრობა დანიშნავს. დანარჩენ წევრებს კი შეარჩევს კომისია, რომელიც ასევე ძირითადად მთავრობის წევრებისგან შედგება და მას დასანიშნად წარუდგენს მთავრობის მეთაურს.

​15 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო დაიყოფა სამ კომიტეტად, ესენია ა) საინვესტიციო კომიტეტი; ბ) რისკის კომიტეტი; გ) აუდიტის კომიტეტი.

იზრდება საპენსიო ფონდის ადმინისტრაციული ხარჯები. არსებული კანონით, საპენსიო სააგენტო იღებს მართვის საკომისიოს 0.5%-ის ოდენობით, ხოლო ცვლილებით, საკომისიო 0.75%-მდე იზრდება.

ამ დროისთვის საპენსიო ფონდის აქტივების ზომა 4.9 მილიარდ ლარია – საქართველოს 1.3 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგი.