ჩემთან სახლში, მოაგზავნეს "ტიტუშკები", დაშინება უნდოდათ - ირაკლი ეძგვერაძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე "ქართულ ოცნებას" მისი და მისი ოჯახის დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრის თქმით, აღდგომა დღეს მის სახლში, სადაც მისი არასრულწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ, ე.წ. "ტიტუშკები" მიაგზავნეს, რომლებიც მის ოჯახის წევრებს შეურაცხყოფდნენ და ემუქრებოდნენ.
ეძგვერაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პირები მასთანს სახლში პროვოკაციისთვის მიაგზავნეს. მისი თქმით, ისინი სკანდირებდნენ "გაუმარჯოს ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს!".
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ რუსული რეჟიმი უკვე ყველაფერზე მიდის, თუმცა არც მას და არც ქართველ ხალხს მათი არ ეშინია და ამიტომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.
ეძგვერაძე იმ პირების ვინაობის და დასჯას ითხოვს, ვინც მისი ოჯახის დაშინება სცადა.
„ჩვენ ყველა ვხედავთ თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. რა ენით აღუწერელ სისასტიკეს სჩადის რუსული რეჟიმი ყოველდღიურად, როგორ ხვდებიან ადამიანებს, როგორ არბევენ მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზით, ტყვიებით, წყლის ჭავლით, როგორ უსწორდებიან უბრალო მოქალაქეებს, მასწავლებლებს, პოლიტიკურ ლიდერებს, როგორ სასტიკად გაუსწორდნენ რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილს. რუსული რეჟიმი მიდის აბსოლუტურად ყველაფერზე. მათ იკადრეს ისიც, რომ კვირა დღეს, აღდგომას ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, 11 და 13 წლის, მიუგზავნეს „ტიტუშკები“, ზონდერები და გაუგონარი, ენით აღუწერელი სიტყვებით შეეცადნენ მათ დაშინებას. ასეთი სილაჩრე წარმოუდგენელია, რომ ქართველმა ერმა მოითმინოს. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, მიზანმიმართული იმისთვის, რომ ხალხში გამოიწვიონ დაპირისპირება.
მე მივმართავ მათ, რომ შეჩერდნენ, გონს მოეგონ, დაადგინონ ამ პიროვნებების ვინაობა და აგებინონ მათ პასუხი. ეს არის ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების დაშინების მცდელობა, ქართველი ერის დაშინების მცდელობა, მაგრამ იცოდეთ, რომ პირადად მე, ერთი ადამიანი ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, არ დაგითმობთ არცერთ ნაბიჯს. ეს სილაჩრე უკვე გაუგონარი რამ არის და მოვითხოვ აუცილებლად დადგინდეს ამ პირები ვინაობა. ვერ შემაშინებთ, არ შევშინდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე და საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გახდება რუსეთი.
ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები იყვნენ პროვოკაციისთვის მოგზავნილები, იქცეოდნენ გაუგონრად, სკანდირებდნენ „გაუმარჯოს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს", შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს მეზობელს, რომელმაც კარი გაუღო და გაუგონარ, ამაზრზენ ქმედებებს აკეთებდნენ. ვფიქრობ, რომ უნდოდათ დაპირისპირებაში შესულიყო ვინმე ამ ადამიანებთან,- განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.