ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებას აპროვოცირებს - გახარიას გუნდის საგანგებო მიმართვა

08.05.24 14:41
ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებას აპროვოცირებს - გახარიას გუნდის საგანგებო მიმართვა

„ოცნება“ ცდილობს სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილება 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით დღევანდელი მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ ძალადობის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათვამი. 

გახარიას გუნდის მტკიცებით, ხელისუფლება იტყუება, როცა პარალელებს ავლებს 20 ივნისის ძალადობრივ შტურმსა და დღეს მიმდინარე მშვიდობიან აქციებს შორის.

განცხადების მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო ზღვარი გაავლო ძალადობრივ პროტესტსა და მშვიდობიან პროტესტს შორის.

მათი თქმით "დაუშვებელია, „ოცნებამ“ სტრასბურგის გადაწყვეტილება მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ არალეგიტიმური ძალის გამოყენების გასამართლებლად გამოიყენოს".

ამასთან, ხელისუფლება აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და თავს ესხმის საქართველოს მოქალაქეებს - ძალადობს მათზე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, მედია საშუალებას და სხვა აქტორებს, მშვიდი, გონივრული რეაგირება გვქონდეს ოცნების პროვოკაციებზე, არ დავუშვათ რადიკალიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება და ქვეყანა მშვიდობიანად მივიყვანოთ არჩევნებამდე.