გამორიცხულია ამ ზარების უკან "ოცნება" იდგეს - ვოლსკი
მმართველი გუნდის წევრები ერთი მეორეს მიყოლებით ამტკიცებენ, რომ ყალბი ნომრებიდან ზარების და გინების უკან "ოცნება" არ დგას.
მეტიც, გია ვოლსკს ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს და ირწმუნება, რომ ეს კამპანია სწორედ მმართველი გუნდის ოპონენტებმა "კონკრეტულ ოთახებში" დაგეგმეს.
რასაკვირველია, არ შეიძლება "ქართული ოცნება" იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია. შეურაცხყოფაა. თვითონ თემა არის შემოტანილი იმისთვის რომ, ეს დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავე გახდეს.დარწმუნებული ვარ, ეს არის ის პროვოკაცია, რომელიც იგეგმება კონკრეტულ ოთახებში, სადაც იგივე საუბარი მიდის, რაც მაგალითად ჰერჩინსკისთან დაკავშირებით, კვარაცხელიასთან დაკავშირებით, გზების გადაკეტვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. პოლიციის შეჯახებასთან თუ სიქის გაძრომასთან დაკავშირებით და უამრავი სხვა რამ. ყველა დეპუტატის და მთავრობის წევრების ტელეფონის ნომრები არის გამოქვეყნებული და ამ ტელეფონებზე მიმდინარეობს ინტენსიური რეკვა და მესიჯების გზავნა უშვერი გინებით. ვინც გეგმავს ამას, სწორედაც ის უნდა, რომ ერთმა მხარემ რეკოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მეორე მხარემ რეკოს ოპოზიციის წარმოამდგენლებთან, მაგრამ როცა ასე არ ხდება და "ოცნება" ასეთ დონეზე არ ჩადის დაბლა, რასაკვირველია, ამას თვითონვე აკეთებენ", - ამბობს გია ვოლსკი.
„ქოლ ცენტრების" სქემით ყალბი ნომრებიდან მეორე დღეა ურეკავენ და აგინებენ ყველას, ვინც "ოცნების" რუსულ პოლიტიკას აპროტესტებს.
"ოცნების" მაგინებელთა ჯგუფებმა ჯერ ოპოზიცია და აქტივისტები გალანძღეს დღეს კი ბებიებზე და ბაბუებზე გადავიდნენ - ურეკავენ აქტივისტების ყოფილ ცოლებს, მამიდებს და შორეულ ნათესავებსაც კი.