"ოცნებამ" თავისუფალი აზრის რეესტრი დაიწყო - წალენჯიხის მერის ზუგდიდში მიმდინარე აქციას შეუერთდა

08.05.24 19:05
"ოცნებამ" თავისუფალი აზრის რეესტრი დაიწყო - წალენჯიხის მერის ზუგდიდში მიმდინარე აქციას შეუერთდა

რუსული კანონის წინააღმდეგ ზუგდიდში მიმდინარე აქციას წალენჯიხის მერიც შეუერთდა - გია ხარჩილავა ივანიშვილის გუნდს ტოტალიტარულ მმართველობაში ადანაშაულებს.

"რუსეთს ამისთვის დასჭირდა 12 წელიწადი, მაგრამ "ოცნება" ისეთი სწორი მოსწავლეა კრემლის, რომ სულ რამდენიმე თვეში დაამყარებს ტოტალიტარიზმს" - ამბობს ხარჩილავა.

მერი ღიად აცხადებს, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება ერთადერთ მიზანს, საქართველოში თავისუფალი ადამიანების გაქრობასა და განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურება.

გია ხარჩილავა ხელისუფლებას პერმანენტულ რეჟიმში პროტესტს უანონსებს და დასძენს, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ საზოგადოება საკუთარ მიზანს ბოლომდე არ მიაღწევს.

არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს საქართველოში. ჯერ კიდევ ქაღალდს მელანი არ შეშრობია და "ქართულმა ოცნებამ" უკვე დაიწყო თავისუფალი აზრის რეესტრი. წარმოგიდგენიათ, სადამდე დავიდა მათი ტოტალიტარიზმი. ანუ, ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ საქართველოში შესაძლებელია თავისუფალი აზრის და თავისუფალი ადამიანების რეესტრი. ამით მჟღავნდება ის, თუ რისთვის სჭირდებათ მათ ეს კანონი. ეს კანონი მათ სჭირდებათ ტოტალიტარიზმისთვის და თუ რუსეთს ამისთვის დასჭირდა 12 წელიწადი, "ქართული ოცნება" ისეთი სწორი მოსწავლეა კრემლის, რომ სულ რამდენიმე თვეში და წელში გაივლის ტოტალიტარიზმის დამყარებას საქართველოში. ეს არის ინტერაქციული შეხვედრა. ახალგაზრდები არიან შეკრებილები აქ და აპროტესტებენ. ეს პროტესტი იქნება პერმანენტული მანამ, სანამ "ქართული ოცნება" საკუთარი ძალაუფლებით არ აგებს პასუხს ამ მავნე ინიციატივაზე", - ამბობს გია ხარჩილავა.

ზუგდიდში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა ადგილზე ევროკავშირის დროშა გაშალეს.

"არა რუსულ კანონს" - სკანდირებენ მოქალაქეები და ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი, მხოლოდ და მხოლოდ, ევროპაშია.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები მთელი კვირის განმავლობაში იგეგმება. დღეს საპროტესტო აქცია თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში, გორსა და ბათუმში მოეწყობა.