ერთადერთი, რითაც "ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, ფიზიკური ძალა და კუნთებია - ზურა ჯაფარიძე "ხეჩინაშვილში" მივიდა

09.05.24 01:11
ერთადერთი, რითაც "ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, ფიზიკური ძალა და კუნთებია - ზურა ჯაფარიძე "ხეჩინაშვილში" მივიდა

 

 

ერთადერთი, რითაც ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ, ფიზიკური ძალა და კუნთებია - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა გირჩი ჯაფარიძემ "ხეჩინაშვილის კლინიკასთან" განაცხადა, სადაც პოლიტიკოსის სასტიკად ნაცემი ძმაა მოთავსებული. 

ჯაფარიძე განსხვავებული აზრის მქონე პირებზე ორკესტრირებული თავდასხმების უკან "ქართული ოცნების" შიშს ხედავს. 

რაც შეეხება გია ჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ამბობს, რომ მის ძმას სავარაუდოდ ხელკეტებით გაუსწორდნენ:

სახლთან, დედაჩემი სადაც ცხოვრობს იქ მიდიოდა, რამდენიმე ადამიანი დახვდა, ზუსტად რამდენი არ იცის, რაც მომიყვა, სავარაუდოდ ურტყამდნენ ხელკეტებს. შუბლზე აქვს დაზიანებები, ალბათ გამოკვლევებს უტარებენ.

დღის განმავლობაში რომ 3-4 ადამიანს უსწორდებიან და მანამდე იყო დედის გინების სატელეფონო კამპანია და ამის შემდეგ არსებობს კითხვები, ვინ აკეთებს და ვინ დგას ამის უკან?! - ამბობს პოლიტიკოსი. 


ზურა ჯაფარიძე, თავდასხმების გაგრძელებას არ გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, "ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ უმცირესობაშია":  

ისინი არიან უმცირესობაში და ეს იციან, ერთადერთი რითაც ისინი ეცდებიან, ძალაუფლება შეინარჩუნონ, არის ფიზიკური ძალა და კუნთები, თუმცა არ გამოუვათ, შანსი არ აქვთ, იმდენად უმცირესობაში არიან, რომ ადამიანები, ვისაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი უნდათ, გადაჯეგავს ყველას და ყველაფერს ივანიშვილის  თამადობით"- დასძინა მან.  

ცოტა ხნის წინ თავს დაეხნენ ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსა და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს.