"წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, არამედ "ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკითაც" - მილერი

09.05.24 01:20
"წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, არამედ "ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკითაც" - მილერი

წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით, არა მხოლოდ კანონპროექტის, არამედ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მხრიდან მომავალი ანტიდასავლური რიტორიკის გამო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მილერმა შეკითხვას უპასუხა, რომელიც "ოცნების" მიერ, მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ დაინიცირებულ ახალ პროექტს შეეხებოდა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ამ კონკრეტულ საკითხზე „შეფასება არ აქვს“.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც უკვე განვაცხადეთ, წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც განიხილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ იმ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობისგან ვისმენთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე აყენებს, საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ გზას და ხშირად ეს აშკარად საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას," - განაცხადა მილერმა.