14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, ბავშვი შეაშინეს - გოგა ონიანი
ოპოზიციონერ პოლიტიკოსი გიორგი ონიანი "TV პირველთან" ადასტურებს ინფორმაციას, რომ ამ დროისთვის უცნობი პირები მას სახლში მიუვარდნენ. მისი თქმით, ინციდენტს წინ უძღოდა მუქარის შემცველი ზარები მის, მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის კუთვნილ ტელეფონებზე.
გოგა ონიანის თქმით, მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა დიმა ჩიქოვანზე თავდასხმის შესახებ, საავადმყოფოში წავიდა, სახლში კი მოზარდი შვილი დატოვა. სახლიდან გასვლიდან მალევე, კი მისამართზე უცნობი პირები მივიდნენ და არასრულწლოვანს ტერორი მოუწყვეს.
ონიანი ტერორის უკან ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ხედავს.
14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, აბრახუნეს კარებზე, კარები ჩაკეტილი გვქონდა გარედან, იგინებოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ ანუ ბავშვი შეაშინეს.
ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დასდევს და აშინებს 14 წლის ბავშვებს, ეს არის დამთავრებული ხელისუფლება, ასეთი რამ ალბათ მსოფლიოში არსად არ ხდება, რომ არასრულწლოვნებს დასდევდეს სუს-ი და უგზავნიდეს ე.წ კრიმინალებს ანუ მათთან თანამშრომლობაში მყოფ ადამიანებს.
სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ყველაფერს მწვანე შუქი აუნთო"- თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს და "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს.