„უვიზო რეჟიმის შეჩერება არ არის გამორიცხული - გზავნილი ბრიუსელიდან
საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესები სტრატეგიული პარტნიორების განხილვის მთავარი ობიექტია - ირკვევა, რომ გუშინ, 8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს.
ევროკავშირის ელჩებმა განიხილეს პოტენციური ზომები, თუკი საქართველოში რუსულ კანონს მიიღებენ.
ბრიუსელიდან მძიმე სიგნალები მოდის - გავლენიანი ჟურნალისტის პროგნოზით, რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში "არ არის გამორიცხული, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს".
იოზვიაკი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ინიციატივას გაიტანს, დასავლელი პარტნიორების მიერ კონკრეტული მკაცრი ნაბიჯები გადაიდგმება.
"ევროკავშირის ელჩებმა გუშინ კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოს ვითარება, მათ შორის პოტენციური ზომები "უცხოური აგენტების" კანონის მიღების შემთხვევაში. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული. ყველაფერი მაგიდაზეა", - წერს იოზვიაკი X-ზე.