"ოცნების" წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდნენ

09.05.24 19:26
"ოცნების" წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდნენ

"ოცნების" წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდნენ. ამის შესახებ რუსთაველის თეატრის წინ საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

დღეს რუსთაველის თეატრში აღინიშნება ევროპის დღე. ევროკავშირის ელჩმა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მოიწვია, მაგრამ ერთადერთი პარტია, რომელიც ამ ღონისძიებას არ ესწრება „ქართული ოცნებაა“. გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ევროპის დღის საწინააღმდეგო მოქმედებები განახორციელა. მან საკუთარ მოქალაქეებს გამოუცხადა ტერორი.

გუშინ მან ცალსახად აჩვენა საზოგადოებას, რომ მას არ შეუძლია განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონე ადამიანებთან თანაარსებობა. უფრო მეტიც, ის გადასულია ტერორზე და ძალადობაზე.

ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ შს მინისტრი აბსოლუტურად ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და დაკავებულია პოლიტიკური შურისძიებით. იმიტომ, რომ იოლად ახერხებს მშვიდობიანი აქციის  მონაწილეების იდენტიფიცირებას, მაგრამ ვერ ახდენს იმ მოძალადეების იდენტიფიცირებას, რომლებიც პოლიტიკური პარტიების წევრებსა და აქციის  მონაწილეებს დევნიან და სცემენ ამ ქვეყანაში.

ამიტომ ჩვენ არ დავთმობთ ერთ ნაბიჯზეც კი ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს ევროპულ მომავალს. ვიქნებით მტკიცედ და ერთიანად ევროპული ღირებულებების და საქართველოს დაცვის სადარაჯოზე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა გოჩა ჯავახიშვილის მიერ საფრანგეთის ელჩის პოსტის დატოვებას, დეპუტატმა სხვა დიპლომატებსაც მოუწოდა, „რუსულ ხელისუფლებას რუსული დავალების შესრულებაზე უარი უთხრას“.

დღეს, როდესაც ჩვენ ისტორიული შანსი გვაქვს, ამ მშვიდობიან დაცულ სივრცეში შევაღწიოთ, საქართველოს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც მოწინააღმდეგეს სწორედ ფაშისტური ხერხებით უსწორდება. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, დღეს ყველა ხვდება, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ გადასარჩენია.

მინდა მივესალმო ღირსეული ქართველი დიპლომატის, გოჩა ჯავახიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს თქვა , რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საქართველოს ევროპულ მომავალს შეუძლებელს ხდის და გადადგომის განცხადება დაწერა. ყველა ღირსეულ დიპლომატს მოვუწოდებ, რუსულ ხელისუფლებას რუსული დავალების შესრულებაზე უარი უთხრას და ქართველ ხალხთან ერთად იბრძოლოს.

მოვუწოდებ ქართველ ხალხს, არ შეეშინდეთ ფაშისტური ხერხებით მოქმედი რუსული ხელისუფლების. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ზეწოლა გაძლიერდება და ეს ყველაფერი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ დემოკრატიული გზით, ამ ქვეყანას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნებთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ხელისუფლება “რუსული კანონის” და დასაცავად უპირისპირდება საკუთარ მოქალაქეებს.

ძალიან სიმბოლურია, რომ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც მიწვეული ვიყავით ევროკავშირის ელჩის მიერ, არ არის წარმოდგენილი ივანიშვილის პარტიის არც ერთი წევრი იმიტომ, რომ ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ ხედავს, რომ ივანიშვილის პარტიამ გადაუხვია ევროპულ გზას, უღალატა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ევროპულ ინტერესს.

ძალადობა დიმა ჩიქოვანის წინააღმდეგ, გია ჯაფარიძის, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ და ყველა ახალგაზრდის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში, არის მცდელობა შეშინებული დიქტატორის ბიძინა ივანიშვილის, რომ საზოგადოება შეაშინოს. ამას ექნება უკუეფექტი, რომელიც გამოიწვევს არა შიშის გაღვივებას, არამედ კონსოლიდაციას, ურთიერთშეკავშირებას და ერთობას იმ რწმენით, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

 

მსგავსი სიახლეები