გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას - საგარეო საქმეთა მინისტრი
ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა, აგრეთვე თითოეულ ღირსეულ დიპლომატს - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.
როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, გოჩა ჯავახიშვილმა ამ გადაწყვეტილებით ევროპული ოჯახში გაწევრიანების საქმეში მონაწილეობის შანსი გაუშვა ხელიდან.
„მსურს გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.
ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა, აგრეთვე თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.
უკანასკნელი წლების განმავლობაში გოჩა ჯავახიშვილი უმაღლესი პოზიციიდან - ელჩის რანგში - წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში და ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გავწიეთ ამ პერიოდში საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. ჩვენი უწყების თანამშრომლებმა განუზომელი წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობაში და აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეს. ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი.
გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან“, - აცხადებს დარჩიაშვილი.
დიდი რღვევა დიპლომატიურ მისიებში დაწყებულია. პირველი, ვინც რუსული კანონის გამო თანამდებობა დატოვა საფრანგეთში საქართველოს ელჩია. "ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურს ამ მიმართულებით. ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს", - დაწერა სოციალურ ქსელში გოჩა ჯავახიშვილმა. დიპლომატმა თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე მიმართა. სავარაუდოდ ეს დასაწყისია. არ არის გამორიცხული ერთი დიპლომატის დემარში დომინოს პრინციპით გავრცელდეს სხვებზეც.