ენმ: სოლიდარობას ვუცხადებთ გუშინ დაზარალებულ და დაკავებულ თანამემამულეებს, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!
“გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ, გუშინ დაზარალებულ და დაკავებულ თითოეულ ჩვენ თანამემამულეს. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობთ: საქართველო რუსეთი არასდროს იქნება! ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!” - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას ავრცელებს.
ოპოზიციური პარტია გმობს თავდასხმებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, აქციის მონაწილეებზე, ასევე ხელისუფლებას აკრიტიკებს ჩასაფრებებისა და მუქარის გამო - მათ შორის ტვ პირველის შენობასთან მოწყობილი ჩასაფრების გამო.
“ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიებს აქტიურად აგრძელებს. გუშინ საღამოს ყველამ ნათლად ვიხილეთ სამხედრო ექსპერტ უჩა აბაშიძის მიმართ განხორციელებული ყოვლად სამარცხვინო ე.წ. საგამოძიებო მოქმედებები.
ყველასთვის ნათელია, რომ მისი დაპატიმრება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნითაა ნაკარნახევი.
ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში ვიხილეთ მათ ეზოში მობილიზებული ე.წ. ზონდერ დაჯგუფებები, რომლებიც ტელეკომპანიის თანამშრომლებისა და მიწვეული სტუმრების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებას აპირებდნენ.
აგრეთვე, გუშინ საღამოს ივანიშვილის "ტიტუშკები" პოლიტიკოსებს თავს დაესხნენ - ბორის ჩელე ყურუასა და ნოდარ ჩაჩანიძეს.
ამასთანავე, ჭავჭავაძის გამზირზე არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი უკანონოდ დააკავეს, რომელთა დიდ ნაწილს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
"რუსული ოცნების" მიერ დაორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან ჩვენი თანამოქალაქეების ტერორი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ, გუშინ დაზარალებულ და დაკავებულ თითოეულ ჩვენ თანამემამულეს.
კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობთ:
საქართველო რუსეთი არასდროს იქნება!
ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!” - წერია განცხადებაში