კალაძე ამტკიცებს, რომ განსხვავებული აზრის გამო „მტრის" იარლიყის მიკერებას ოპონენტები ცდილობენ
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, აქტივისტების, ჟურნალისტების ტერორის ფონზე თბილისის მერი ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ცდილობენ, „განსხვავებული აზრის მქონეებს მტრის იარლიყი მიაკერონ”.
„ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განცხადება Facebook-ზე ჩართვისას გააკეთა.
დღეს ჩვენ ვუყურებთ აგრესიულ კამპანიას, რომელიც აგებულია საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე პირისთვის ქვეყნის მტრის იარლიყის მიკერების მცდელობაზე. მათი ლოზუნგია -„ვინც ჩვენთან არ არის, ის ქვეყნის მტერია“. - ამბობს ის.
კალაძის სიტყვებით, "ძალადობაა, როცა ზეწოლის გზით გაიძულებენ გაიმეორო მათი „მესიჯები“, ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად შეგრაცხავენ, ძალადობას კი მივყავართ საშინელ შედეგებამდე".
მისივე მტკიცებით, "ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად და მონად შეგრაცხავენ".
"რასაკვირველია, არავის უნდა დავუხაროთ თავს, რადგან ჩვენ ხელშია სიმართლე. არ არსებობს ქვეყნად სიმართლეზე დიდი იარაღი", - ირწმუნება კახა კალაძე.
მისივე თქმით, პარტნიორებისგან ქართულმა ოცნებამ "ვერ მოვისმინა პასუხი რატომ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ რუსული?".
როგორ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად? ეს კითხვები უპასუხოდ რჩება, არადა პასუხი ძალიან მარტივია - არ მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა", - განაცხადა კახა კალაძემ.