შსს-ს რეაგირება არ ყოფილა, ყველას ვერ გალახავენ - დიმიტრი ჩიქოვანი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს გულგრილობაში ადანაშაულებს - ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ ნაცემი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ თავდასხმის შემდეგ გომელაურის უწყებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი ამბობს, რომ მომავალში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას მიიღებს.
"ყველას ვერ გალახავენ, ყველას ვერ დააშინებენ" - დასძენს ჩიქოვანი და ხელისუფლებას მიმართავს, რომ მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო, საპროტესტო მუხტი არ შეწყდება.
არც დადგენა იყო, არც კითხვა, არც ვიზიტი. შსს-ს მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. გუშინწინ, გუშინ და დღესაც ნახევარი დღე საავადმყოფოში გავატარე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
რამდენადაც ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, მე აუცილებლად ვიქნები აქციაზე და ყველას მოვუწოდებ იმავეს. დღეს არის გზაგასაყარი - ან რუსეთი, ან დასავლური ცივილიზაცია. ძალიან მარტივი არჩევანია და ეს არჩევანი ქართველ ხალხს დიდი ხანია გაკეთებული აქვს, უბრალოდ ხავს ეჭიდება "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი. თუ ისინი თვლიან, რომ ჩემი გალახვით საპროტესტო მუხტი შეწყდება, ვეუბნები, რომ არ შეწყდება. ყველას ვერ გალახავენ, ყველას ვერ დააშინებენ", - ამბობს ჩიქოვანი.