სად ჰყავთ რუსული კანონის მოწინააღმდეგე - ნოდარ ტურაშვილის ადგილსამყოფელს ადვოკატებს უმალავენ

10.05.24 23:32
სად ჰყავთ რუსული კანონის მოწინააღმდეგე - ნოდარ ტურაშვილის ადგილსამყოფელს ადვოკატებს უმალავენ

სად არის რუსული კანონის მოწინააღმდეგე ნოდარ ტურაშვილი? - ადვოკატებს ახალგაზრდა მზარეულის ადგილსამყოფელს უმალავენ. ცნობილია, რომ ახალგაზრდა, დაახლოებით, 18:00 საათზე აიყვანეს. 

"პირველების" ინფორმაციით, არსებობს ამის ამსახველი ფოტო და იდენტიფიცირებულია ავტომობილის ნომერი, თუმცა უფლებადამცველებს შესაბამის უწყებაში არ ეუბნებიან, დაკავებულია თუ არა, ან სად ჰყავთ გადაყვანილი ნოდარ ტურაშვილი. 

წყარო "პირველებს" ეუბნება, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჰყავთ, თუმცა მასთან ადვოკატებს არ უშვებენ. 

შოთა თუთბერიძეს უთხრეს მხოლოდ ის, რომ ნოდარ ტურაშვილი დაკავებული არ არის. თუმცა უპასუხოდ რჩება კითხვა, არის თუ არა ის სუს-ში და იკითხება თუ არა თუნდაც მოწმის სახით. 

შეფ ნოდარ ტურაშვილთან პოლიცია, დაახლოებით, 18:00 საათისთვის მივიდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.  ინფორმაცია მან "ფეისბუქზე" თავად გაავრცელა:

"ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო" - დაწერა ტურაშვილმა. 

ტურაშვილი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე აქტიურად ათავსებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერ პოსტებსა და ვიდეოებს. 

მსგავსი სიახლეები