ძალადობა არ მომხდარა, დამთავრებულია - როგორ დაიცვა შსს-ის დუმილი პრემიერმა
ადევნება და ჩასაფრება ტვ პირველთან- პრემიერმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 24-საათიანი დუმილის გამართლება სცადა.
"ძალადობა არ მომხდარა, დამთავრებულია" - ამბობს პრემიერ-მინისტრი ეკა მიშველაძის შეკითხვის საპასუხოდ, რომელმაც მთავრობის მეთაურს ჰკითხა - რატომ არ რეაგირებს პოლიცია მყისიერი საფრთხის შესახებ შესულ შეტყობინებაზე.
112-ში ხუთჯერ შევიდა შეტყობინება ტელევიზიიდან მყისიერი საფრთხის შესახებ, თუმცა არც ერთი საპატრულო ეკიპაჟი ტვ პირველში ამ დრომდე არ მოსულა.
შავი ჯიპები ტრანზიტული ნომრებით და კაცები შავებში ნიღბებით ტვ პირველთან გვიან ღამით გამოჩნდნენ. მიმდინარეობდა ტელევიზიის ტერიტორიის დაზვერვა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით, დგინდება რომ ტელევიზიის შემოსასვლელთან მორიგეობა მინიმუმ ხუთ ადამიანს ჰქონდა დაწესებული. გადაადგილდებოდნენ და ტერიტორიას სწავლობდნენ. ამ ფაქტის და კადრების გასაჯაროების შემდეგაც გომელაურის უწყება ფორმალურადაც კი არ დაინტერესებულა ვინ აწყობდა ჩასაფრებას ტვ პირველის ოფისთან.