როცა სტატუსის მინიჭებაზე უარი გვითხრეს, საქართველო დაიჩაგრა, ამგვარი ქმედებები ხალხში გაღიზიანებას იწვევს - კალაძე
"როცა სტატუსის მინიჭებაზე უარი გვითხრეს, საქართველო დაიჩაგრა, ამგვარი ქმედებები ხალხში გაღიზიანებას იწვევს" - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
"ექსპო ჯორჯიაში", ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნით ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს კალაძე ამტკიცებდა, რომ საქართველო განვითარების დონით იმ ქვეყნებზე წინ იდგა, რომელთაც გასულ წელს სტატუსი მიანიჭეს.
მერის თქმით, "ქართული ოცნება" სწორედ ის ხელისუფლებაა, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლის განვითარების გზაზე ქმედით ნაბიჯებს დგამს.
ამ ევროინტეგრაციის გზაზე ბევრი წინაღობა გვხვდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ღირსეულად ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ და ჩვენ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ ოჯახის წვერები, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.
ელჩმა ბრძანა, თქვენ გვერდით ვართ ამ გზაზეო, რისთვისაც მადლობას ვუხდი. დიდი სურვილი მაქვს, იყოს მხარდაჭერა. მახსოვს ერთი წლის წინ აქ ვიყავით შეკრებილები და იყო მდგომარეობა, როცა ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. ამას არ ჰქონდა ახსნა, რატომ. ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით, ვისაც სტატუსი მიანიჭეს და საქართველო დაიჩაგრა. ამგვარი დამოკიდებულება და ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. არაერთხელ გამოცდილა საქართველო. ვართ ღირსი პარტნიორები, ვართ გუნდი, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი და გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. თუ რამე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ, უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. მინდა მოსახლეობას მივმართო - ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება გუნდი, რომელსაც “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” ჰქვია”, - განაცხადა კალაძემ.