გარედან, თუ შიგნიდან არის ძალადობრივი სცენარისკენ წაქეზება - პაპუაშვილი

11.05.24 12:34
გარედან, თუ შიგნიდან არის ძალადობრივი სცენარისკენ წაქეზება - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იერიში რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე მიაქვს - შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები მიზანმიმართულად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს.

"მიდიოდა პირდაპირ რეკრუტირება და ძიება ადამიანების, რომლებიც მზად იქნებოდნენ წასულიყვნენ ძალადობაზე" - ამბობს პაპუაშვილი და დასძენს, რომ "სამართალდამცველებზე და პარლამენტზე თავდასხმის წაქეზება ქვეყნის გარედან და შიგნიდან მიმდინარეობდა".

პაპუაშვილი ასევე თავს ესხმის მესამე სექტორსა და ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს და აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები "რადიკალურ ოპოზიციასთან" ერთად "ისტერიკაშია გადასული".

ჩვენ, რიგ შემთხვევაში საჯაროდ და მათ შორის, ბოლო პერიოდში, ზოგიერთი გასაჯაროებული საუბრიდანაც მოვისმინეთ, რომ მიდიოდა ადამიანების პირდაპირ რეკრუტირება და ძიება ადამიანების, რომლებიც მზად იქნებოდნენ წასულიყვნენ ძალადობაზე, ასე რომ, ამაში მე რაიმე გასაკვირს ვერ ვხედავ, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა წყაროებიდანაც, ბოლო პერიოდში გასაჯაროებული წყაროებიდანაც პირდაპირ ჩანდა, რომ ეძებენ ადამიანებს, რომლებიც ძალადობაზე არიან წამსვლელები. შემდეგ ჩვენ ვნახეთ შედეგი, როგორ წავიდნენ ძალადობაზე, როგორ მოხდა თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, მათ შორის, ვნახეთ, რომ მოქალაქეებიც იყვნენ ჩართული ამ ძალადობრივ ქცევაში და ეს კიდევ ცალკე საკითხია. როდესაც აქციას ეძახიან ანტირუსულს და შემდეგ შიგნით რუსები არიან, ძალადობენ და თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტს და ძალადობენ პოლიციელებზე, მე მგონი, ეს კიდევ ცალკე დამაფიქრებელია, საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ძალადობრივი სცენარისკენ წაქეზება გარედან, თუ შიგნიდან. ვხედავთ, ორგანიზებას, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების, რომლებიც გეგმურად, მიზანმიმართულად ჩადიან ძალადობას. პარლამენტის შენობასთან სპეციალურად ამტვრევდნენ სამეთვალყურეო კამერებს.

ძალადობის ეს ტალღა გამოიწვია ზუსტად იმან, რომ განსჯის და მსჯელობის ნაცვლად NGO-ების და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზი გადავიდა ისტერიაში, რომელიც გარედანაც წაქეზებულია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები