"გაუთენე საქართველოს" - პარლამენტთან შეკრება დღეს 22:00 საათზე დაიწყება
"გაუთენე საქართველოს" - რუსული კანონის მომხრე ხელისუფლებას მძიმე საათების ათვლა დღეს საღამოდან მოუწევს. აპრილის გამოღვიძების შემდეგ მოქალაქეებს გადაწყვეტილი აქვთ, საქართველოს გაუთენონ. შეკრება პარლამენტთან დღეს საღამოს, ზუსტად 22:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს.
13 მაისს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დილიდან რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვაა ჩანიშნული. პროტესტის მონაწილეებს სურთ, ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ და "ოცნების" დეპუტატებს კანონპროექტის განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აქცია შედგა. ევროპულ მარში მონაწილეობა იმაზე მეტმა მოქალაქემ მიიღო, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. დაშინების, ტერორის, ცემისა და ციხეში გამოკეტვის მუქარის მიუხედავად, თბილისის ქუჩები ევროპული ღირებულებების მქონე ასიი ათასობით ადამიანით გადაივსო.
გუშინდელ აქციაზე Visioner -მა, სულ მცირე, 200 000 ადამიანი დათვალა. მათივე ვარაუდით, მთლიანობაში, დღის განმავლობაში, ეს რიცხვი 300 000-სს მიუახლოვდა.