"შესაძლოა, ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეწყდეს" - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან დასრულდა
არჩევნების არალეგიტიმურობა და ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან დასრულდა.
ევროკავშირის დელეგაციის პირველმა ოფიციალურმა ვიზიტმა მწვავე გზავნილების ფონზე ჩაიარა. როგორც "ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "პირველებთან" ამბობს, რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, 2024 წლის ბოლოს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ გაეხსნება და ეს გზავნილები მიიღეს პარტნიორებისგან.
"მათ სურთ, საქართველო ევროკავშირში, რაც შეიძლება სწრაფად იხილონ" - აცხადებს ჯაფარიძე და იქვე დასძენს, რომ საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული ღირებულებები გაიზიაროს, სხვა შემთხვევაში, ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა.
რაც არ უნდა ითვალთმაქცოს "ქართულმა ოცნებამ" გზავნილი არის პირდაპირი, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. მათ სურთ, საქართველო ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად იხილონ, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომელიც არის ევროკავშირში. ევროპელი მეგობრები პირდაპირ აფასებენ ამას, როგორც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის საბოტაჟის მცდელობას, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.