რუსული კანონის დამტკიცებით, არჩევნების ლეგიტიმურობას დიდი საფრთხე შეექმნება - გზავნილები ევროპელ კოლეგებთან შეხვედრიდან
ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრა მწვავე გზავნილებით დასრულდა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპელი კოლეგების მთავარ მესიჯებს აჟღერებენ და აცხადებენ, რომ რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, 2024 წლის ბოლოს ევროპულ გაერთიანებასთან მოლაპარაკების ფანჯარა არ გაიხსნება.
"ასევე, არჩევნების ლეგიტიმურობას დიდი საფრთხე შეექმნება" - ამბობს ხატია დეკანოიძე და განმარტავს, რომ კანონპროექტის მიღებით "ქართული ოცნება" არჩევნების დამკვირვებლებად რეგისტრაციაში საერთაშორისო ორგანიზაციებს ხელს შეუშლის.
შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ არ გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოსთან, თუ ეს კანონპროექტი გადაიქცევა კანონად. ასევე, არჩევნების ლეგიტიმურობას შეექმნება დიდი საფრთხე, რადგან პრაქტიკულად, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ იქნება დარეგისტრირებული, რადგან "ოცნება" ამის საშუალებას არ მისცემს ამ კანონის დამტკიცების შემდეგ", - ამბობს დეკანოიძე.
დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ჟურნალისტებთან საუბრის დროს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე უსვამს ხაზს და პირდაპირ ამბობს, რომ დასავლელი მეგობრებისა და ქართველი ხალხის თავდაუზოგავ ბრძოლას ივანიშვილის გუნდი "გააფთრებულად ეწინააღმდეგება".
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამას საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ვისმენთ. უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მართავს "ქართული ოცნება" ქვეყანას.
მათი ჩამოსვლა არის საქართველოს საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა. ისინი ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპული ინტეგრაციისთვის იბრძვიან, რასაც „ქართული ოცნება“ გააფთრებული ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კორძაიამ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის წარმომადგენელი, ანა ბუჩუკური განმარტავს, რომ საქმე სისტემურ პრობლემას ეხება, რადგან საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება.
"მიმდინარე სირთულეები გასცდა მხოლოდ ერთი კანონის ფარგლებს" - დასძენს ბუჩუკური და იქვე ამატებს, რომ ევროპელი კოლეგები საქართველოში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობენ.
საუბარი იყო მიმდინარე პროცესებზე, რაც ძალიან კარგია. რასაც, პირველ რიგში, ხაზი გავუსვი, ისაა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ქმედებებისა, ეს ადამიანები საქართველოს პარტნიორები და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები რომ ჩამოდიან ამ რთულ დროს საქართველოში ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. საუბრის ძირითადი თემა იყო მიმდინარე პროცესები. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს მხოლოდ ერთი კანონის მიღება არაა და ბევრად სისტემურ და მსხვილ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ეს გასაგებია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გასაგებია ქვეყნის პარტნიორებისთვისაც. მიმდინარე სირთულეები გასცდა მხოლოდ ერთი კანონის, აგენტურის კანონის ფარგლებს“,- განაცხადა ბუჩუკურმა.