ზურაბიშვილი სისხლიანი რეჟიმის მხარდამჭერია - "ოცნების" ახალი შეტევა პრეზიდენტზე
"ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ სალომე ზურაბიშვილი "სისხლიანი რეჟიმის" მხარდამჭერად გამოაცხადა.
ბერაძემ თქვა ისიც, რომ ისტორიის სწორ მხარეს არა მომიტინგეები, არამედ საქართველოს ხელისუფლება დგას.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი ერთადერთია - „ხელისუფლებაში დაბრუნება, რისთვისაც მზად არის ნებისმიერ რამეზე წავიდეს, ნებისმიერი დავალება შეასრულოს“.
„აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს ის ადამიანები მოუწოდებენ და აძლევენ დირექტივებს, რომლებიც სისხლიანი რეჟიმის მმართველები იყვნენ. ესენი არ იცვლებიან. ამ ყველაფერს ემატება სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა, რომელიც თავის დამკვიდრებას მისი ყველა გამოსვლისას მხოლოდ შუღლის, დაპირისპირებისა და საზოგადოების პოლარიზებით ცდილობს, ყოვლად ბოროტი ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკური უმცირესობა კი მოგვიწოდებს დავდგეთ არა საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, არამედ მის საპირისპიროდ. რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება. ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია და გვინდა ევროპაში დაბრუნება"- ამბობს ბერაძე.