შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, იმასაც მოითხოვენ, რომ ბომბები დაგვიშინონ - პაპუაშვილი ოპოზიციასა და ენჯეოებზე
პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ აშშ-ს მხრიდან სანქციებზე საუბარი არასერიოზულია. ამასთან, შალვა პაპუაშვილი ენჯეოებს და ოპოზიციას ისევ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და საკუთარი ხალხის წინააღდმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში ადანაშაულებს. მისი თქმით, "მაბეზღარა" ოპონენტებს და არასამთავრობოებს შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, სხვა ქვეყნებს საქართველოს დაბომბვასაც სთოვდნენ.
არასერიოზული მსჯელობაა სანქციებით საუბარი. სანქციებთან დაკავშირებით ერთ ასპექტს გავუსვამდი ხაზს, წარმოგიდგენიათ, რომ 30 წლის თავზე ჩვენი დამოუკიდებლობის, ერთი, რომ მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს პირველად, უცხოელი პოლიტიკოსები მიტინგზე დააყენეს ანტისამთავრობო და პირველად ხდება, როცა ქართველი ქართველის წინააღმდეგ უცხო ქვეყნისგან ითხოვს დასჯას. დღეს იგივე ნირის ქართველები და იმ ხალხის შთამომავლები ენჯეოში და ოპოზიციაში დარბიან ბრიუსელში და ვაშინგტონში. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ბრიუსელი და ვაშინგტონი არ არის მოსკოვი და ამ მაბეზღარა ენჯეოებს და ოპოზიცია, რომლებსაც ერთადერთი შანსი ხელისუფლების მოპოვების აქვთ ის, რომ ვინმე უცხოელი შემოიყვანონ, მათ რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, იმასაც მოსთხოვენ, რომ ბომბები დაგვიშინონ, - ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწიმ "ქართულ ოცნებას" სანქციები დაუანონსა. ჯიმ ო'ბრაიენს გუშინ არ დაუმალავს, რომ თუ შემოთავაზებული კანონი არ შეიცვლება, შეზღუდვები იქნება. "ქართულ ოცნებას" ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვები დაუანონსეს.
ამერიკელი მაღალჩინოსანი გარკვევით ამბობს, რომ თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს.