დაზიანებები მთელ ტანზე, სილურჯეები, სისხლდენა პირიდან - რას ჰყვება აქციაზე ნაცემი აშშ-ის მოქალაქე

17.05.24 18:06
დაზიანებები მთელ ტანზე, სილურჯეები, სისხლდენა პირიდან - რას ჰყვება აქციაზე ნაცემი აშშ-ის მოქალაქე

დაზიანებები მთელ ტანზე, სილურჯეები, სისხლდენა პირიდან - ასეთ მძიმე მდგომარეობაში ის ამერიკის მოქალაქე ჩააგდეს, რომელიც თბილისში გამართულ ანტირუსულ აქციებზე მივიდა და ქართველებს სოლიდარობა გამოუცხადა.

აშშ-ის მოქალაქე დერილ შოლცი იმ დროს დაშავდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნიღბიანმა თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა დაიწყო. მამაკაცს ისეთი დაზიანებები აქვს, რომ ამ დრომდე მკურნალობს.

ამერიკიდან საქართველოში ჩამოსული კაცი გაოგნებას ვერ მალავს, რომ ამ დრომდე ძალადობაში მხილებული არც ერთი სამართალდამცველი პასუხისგებაში მიცემული არ არის. 

საპროტესტო აქციაზე ვიყავით, ხალხთან ერთად გადავადგილდებოდით და უცებ გვერდიდან უცნობმა პირებმა დამარტყეს, ეს არის ის რაც მახსოვს, ამის შემდეგ უცებ სასტუმროში გავიღვიძე, არ ვიცი ვინ დამესხა თავს ყველას შავები ეცვათ, ჩვენ მშვიდობიან დემონსტრანტებთან ერთად ვიყავით გამოსულები, საქართველოში სტუმრად ვარ ჩემს მეგობართან, აქციაზე პირველად წავედი, საქართველო ძალიან ლამაზია მიყვარს აქაურობა და თავი ვალდებულად ჩავთვალე ქართველ ხალხთან ერთად დავმდგარიყავი ქუჩაში," - ამბობს დაშავებული.

დერილ შოლცის მეგობარი მომხდარის დეტალებს ყვება და იხსენებს, რომ შავებში ჩაცმული ადამიანები დაესხნენ მას თავს და სასტიკად გაუსწორდნენ.

მე თავს დამნაშავედ ვგრძნობ ჩემი მეგობრის წინაშე, ის მე მოვიწვიე, ქართველები ძლიერი ხალხია, სამხრეთ აფრიკაში როდესაც ნეთფლიქს უყურებენ, საქართველოში 300 ათასი ადამიანი დგება, იმიტომ, რომ არ მოსწონთ ერთი რამ, შეხედეთ ჩემს მეგობარს თავიდან სისხლი სდიოდა, სისხლდენა აქვს პირიდანაც, საპირფარეშოში შესვლისას სისხლს შარდავს, ბოლო 4 დღის განმავლობაში არავინაა დაკავებული მის გამო, ჩემს თვალწინ მოხდა ყველაფერი, შავებში ჩაცმული ადამიანები მოვარდნენ და ცემა დაუწყეს, ადამიანები თეთრი ჰიუნდაის მარკის ავტომობილიდან გადმოვიდნენ, რამდენიმე პიროვნება ერთდროულად ურტყამდა, მთლიანად სისხლიანი იყო, მისი სახე შესიებული იყო, ველოდებით რომ გამოკეთდეს ამის შემდეგ მივმართავთ ამერიკის საელჩოსაც. ქართველები ამბობენ, რომ კაცებმა არ უნდა იტირონ, მაგრამ მე ადამიანი ვარ და გრძნობები მაქვს, თუ მკითხავთ მეშინია თუ არა, გეტყვით, რომ მეშინია იმის, რომ ოდესღაც ხმის ამოღებას ვერ შევძლებ, არ ვარ შეშინებული მე ვიბრძოლებ ჩემი შვილისთვის, ქართველებთან ერთად," - ამბობს დაშავებულის მეგობარი. 

აშშ-ის მოქალაქესთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შსს-მაც, სადაც ამბობენ, რომ აქციაზე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, დერილ შოლცი არ დაუკავებიათ და ის არც დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყოლიათ გადაყვანილი.