გეგელია: ეს არის ხელისუფლება, რომელიც ემეგობრება ჰეზბოლას და ჰამასს და თავს ესხმის გერმანიის ელჩს

30.05.24 15:31
გეგელია: ეს არის ხელისუფლება, რომელიც ემეგობრება ჰეზბოლას და ჰამასს და თავს ესხმის გერმანიის ელჩს

არც პიტერ ფიშერი და არც რომელიმე სხვა ელჩი არასოდეს არ ყოფილა ჩართული “ლელოს” პოლიტიკურ აქტივობაში. კობახიძისგან განსხვავებით, ელჩებს კარგად აქვთ გააზრებული საზღვრები სახელმწიფოს, პარტიას და დიპლომატიურ მისიას შორის - ამის შესახებ "ლელოს" წევრი, გრიგოლ გეგელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს არც ერთი ანტიქართული განცხადება არ გაუკეთებია და ის ქართველი ხალხის მხარეს არის, მაშინ როდესაც კობახიძე რუსეთის მხარესაა.

ეს არის ხელისუფლება, რომელიც ემეგობრება ჰეზბოლას და ჰამასს, მაგრამ თავს ესხმის გერმანიის ელჩს, - ამბობს გეგელია.

ელჩმა ფიშერმა გერმანიის ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა, როდესაც განაცხადა რომ კანონის მიღების შემთხვევაში, გერმანია არ დაუჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. სწორედ ეს არის გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის და ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობის პოზიცია. თუმცა,  მსოფლიოს მიერ იზოლირებული პრემიერ-მინისტრი ახლა ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს ეს ერთი ელჩის პოზიცია იყოს და ბატონ ფიშერზე თავდასხმის კომიკურ საბაბად იმას იყენებს, რომ ელჩი ლელოს ლიდერებთან ერთად ასურეთს ეწვია. 
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არც პიტერ ფიშერი და არც რომელიმე სხვა ელჩი არასოდეს არ ყოფილა ჩართული “ლელოს” პოლიტიკურ აქტივობაში. კობახიძისგან განსხვავებით, ელჩებს კარგად აქვთ გააზრებული საზღვრები სახელმწიფოს, პარტიას და დიპლომატიურ მისიას შორის. 
ბატონი ფიშერი ეწვია ასურეთს კულტურული ტიპის ვიზიტზე, რომელსაც არავითარი პარტიულ-პოლიტიკური ან მითუმეტეს წინასაარჩევნო კომპონენტი არ ერია. ეს იყო წემინდად სოციალური და კულტურული ხასიათის ვიზიტი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ასურეთი ისტორიულად გერმანელებით დასახლებული წერტილი იყო და დღემდე წარმოადგენს ქართულ-გერმანული მეგობრობის ხანგრძლივი ისტორიის საუკეთესო ნიმუშს.  კულტურული ვიზიტის ფარგლებში, ბატონი ელჩი შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, მოინახულა გერმანელთა სასაფლაო, ძველი გერმანული ეკლესია, დაათვალიერა გერმანული არქიტექტურის ნიმუშები და რამდენიმე ძირი ხე დარგო გერმანულ-ქართული საუკუნოვანი მეგობრობის სიმბოლოდ. მხოლოდ შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ გონებას შეიძლება აქ პარტიულ-პოლიტიკური კომპონენტი მოელანდოს.
თუმცა, გასაკვირი არაფერია - ეს არის ხელისუფლება, რომელიც მუდმივად თავს ესხმის ჩვენი სახელმწიფოს უმთავრეს დასავლელ პარტნიორებს, დებატებში იწვევს ელჩებს, თუმცა ამავე დროს შეხმატკბილებულია რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ემეგობრება ჰეზბოლას და ჰამასს, მაგრამ თავს ესხმის გერმანიის ელჩს. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მიზანმიმართულად გააჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, რისკი შეუქმნა ვიზალიბერალიზაციას და ქართულ ეკონომიკას. ამ ყველაფერზე ისინი რამდენიმე თვეში უმკაცრეს პასუხს აგებს", - ამბობს გეგელია.

მსგავსი სიახლეები