საქართველოს ელჩები ბელგიასა და ნიდერლანდებში ემიგრანტებს რუსულ კანონზე სასაუბროდ არ ხვდებიან
რუსულ კანონთან დაკავშირებით ემიგრანტებს არ ხვდებიან სხვადასხვა ევროპულ ქვეყნაში დანიშნული დიპლომატები - საქართველოს ელჩი ბელგიაში, ასევე ნიდერლანდებში. ორივე ქვეყანაში დანიშნულ საქართველოს ელჩებს ემიგრაციაში მყოფმა მოქალაქეებმა შეხვედრა სთხოვეს. ოფიციალური წერილით მათ საელჩოებს მაისის დასაწყისში მიმართეს, თუმცა კონტაქტზე ამ დრომდე არავინ გამოსულა.
როგორც ემიგრანტები ამბობენ, მათ ოფიციალური პასუხების მიღება უნდოდათ მაგალითად, ბელგიაში საქართველოს ელჩისგან და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, თუმცა ვახტანგ მახარობლიშვილი მათ არ ხვდებათ.
საქართველოს საელჩოს ბელგიაში ეს თხოვნა გავუგზავნეთ 13 მაისს. ელჩთან შეხვედრა ვთხოვეთ, წერილს ხელს ვაწერდით ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფი, მაგრამ დასწრების მსურველები, რასაკვირველია, უფრო მეტნი არიან.
ელჩი დაკავებული იყო აღნიშნულ კვირას. ამის შემდგომ, აშშ-მ სანქციებიც დაანონსა, საქართველოს პარლამენტმა კანონიც მიიღო და ევროპულმა საბჭომ, 27-28 ივნისს დაგეგმილი სამიტის განრიგში საქართველოს საკითხი შეიტანა.
გუშინწინ, 28 მაისს, კიდევ ერთხელ შევახსენე საელჩოს ამ წერილის შესახებ და ვთხოვე პასუხი დაედასტურებინათ 29 მაისის სამუშაო დღის ბოლომდე. რამეთუ, რამდენი ხანი უნდა ელოდო ელჩთან 1-საათიანი შეხვედრის შესახებ დასტურს?
სიჩუმე.
გულწრფელად გვაინტერესებს მათი “არგუმენტები”, თუ როგორ უწყობს ხელს ეს რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის პროცესს. საინტერესოა, თუ კვლავ როგორ იწონებენ თავს შეხვედრებზე ბრიუსელში? როგორ ემსახურებიან საქართველოს კონსტიტუციურ მიზანს, საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანს? ნუთუ ამას მხოლოდ ტვიტერზე ლამაზი პოსტები შველის?
პატივცემულო საელჩოს წარმომადგენლებო Georgia in EU / Belgium,
მხოლოდ აქციების ჩატარება კი არ გვეხერხება, როგორც ალბათ თქვენ გგონიათ და რასაც საელჩოს ჩაბურული ფანჯრებიდან დასცინით ხოლმე 🙂 საუბარიც შეგვიძლია, მოსმენაც ვიცით, და თქვენთან შეხვედრის სურვილიც გულწრფელად გვქონდა.
თქვენ არ ხართ საელჩო, რომელიც თავის ვალდებულად თვლის მოქალაქეებთან საუბარს, მითუმეტეს, მსგავს კრიტიკულ დროს. რასაც არ უნდა ნიშნავდეს თქვენი სიჩუმე, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა დედლაინი გავიდა.
კვლავაც პატივისცემით,
საქართველოს მოქალაქეები.," - წერენ ემიგრანტები.