გვსურს განვიხილოთ თბილისში "იუვენტუსი" აკადემიის გახსნის შესაძლებლობა - ბადრი ჯაფარიძე
საფეხბურთო ლეგენდა, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი დევიდ ტრეზეგე დღეს წალენჯიხაშია. ბავშვებისთვის ეს არის ძალიან დიდი სტიმული და დიდი მოტივატორი - ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენ გვინდა ასეთი ვიზიტორებით, დადებითი მოვლენებით, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით"- აღნიშნავს ჯაფარიძე.
მისი თქმით, სურთ განიხილონ, თბილისში "იუვენტუსი" აკადემიის გახსნის შესაძლებლობა:
აკადემია, რომლის მშენებლობაც დავიწყეთ ერთი წლის წინ ვითარდება ძალიან სწრაფი ტემპით. ტრეზეგეს ჩამოსვლაც ამ განვითარებას ემსახურება. ჩვენ გვსურს ასევე განვიხილოთ თბილისში "იუვენტუსი" აკადემიის გახსნის შესაძლებლობა. ვფიქრობთ, რომ თბილისსაც სჭირდება "იუვენტუსის" აკადემია და ბევრი ახალგაზრდა იქნება დაინტერესებული მიიღოს მონაწილეობა.
წალენჯიხელი ბავშვების ჯგუფი წავა ტურინში მსოფლიო ჩემპიონატზე და ვფიქრობ ეს არის კარგი მაგალითი რომ თუ ინიციატივა არსებობს, თუ არსებობს ხედვა , გულწრფელი სურვილი, რომ ხელი შეუწყო ახალგაზრდებს, ხელი შეუწყო ბავშვებს, მათ განვითარებას, ეს გეგმა შეიძლება განხორციელდეს მოკლე ვადებში"- აღნიშნა ჯაფარიძემ.
წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიაში ფეხბურთის ლეგენდას, დევიდ ტრეზეგეს მასპინძლობენ.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ლეგენდას, ადგილობრივ მოზარდებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვებიც შეხვდებიან.