ემზადება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობისთვის? - რას ამბობენ "ოცნებაში"

12.06.24 13:07
ემზადება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობისთვის? - რას ამბობენ "ოცნებაში"

ემზადება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობისთვის - "ქართულ ოცნება" არ უარყოფს, რომ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი იყოს.

განცხადება "პირველებთან" დღეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა გააკეთეს, მათ გადაჭრით არ უთქვამთ, რომ ისინი საპრეზიდენტო კანდიდატად ოლიგარქის კანდიდატურას არ განიხილავენ. 

"ქართული ოცნება" აქცენტს მოქმედ პრეზიდენტზე აკეთებს და სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის, რომელმაც, თავის მხრივ, არ გამორიცხა, რომ მეორე ვადით პრეზიდენტად იყაროს კენჭი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სალომე ზურაბიშვილს ენმ-სთან ალიანსში ადანაშაულებს. რაც შეეხება "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, ვოლსკი ამტკიცებს, რომ გუნდში ჯერ ამ საკითხზე არ უმსჯელიათ. 

საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" სათავეში სწორედ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და ახალგაზრდების კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს. ეს არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ.

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით. ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. კანდიდატობას პრემიერ-მინისტრად, პრეზიდენტად, რაზედაც ლაპარაკობენ, ეს შემოტანილი თემებია, რომ რაღაც სკანდალური ატმოსფერო შექმნან ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ღირსებას რაიმე აკლდება ამის გამო", - ამბობს ვოლსკი.

გია ვოლსკის შემდეგ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე იერიში რუსული კანონის ხელმომწერმა ბექა ოდიშარიამაც მიიტანა. ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილს რეიტინგს უწუნებს და ამტკიცებს, რომ მას მხარს საზოგადოების 0.01 პროცენტიც კი აღარ დაუჭერს.

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ვინც განაპირობა, ამ საზოგადოებიდან ვფიქრობ, რომ 0.01 პროცენტიც აღარ უჭერს მას მხარს და შესაბამისად, მისდა სამწუხაროდ, მის ზრახვებს ნულოვანი შანსი აქვს. რაც შეეხება "ოცნების" კანდიდატს, არ გვიმსჯელია. ჯერ ადრე არის. უნდა დამთავრდეს საპარლამენტო არჩევანი და შემდეგ ბუნებრივია, გუნდი იმსჯელებს. მოქმედი, ცოცხალი ადამიანი დგას ამ თანამდებობაზე და ის რომ მორჩება ერთხელ და სამუდამოდ ამ პოსტზე ყოფნას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ და ღირსეულ ადამიანს წარვადგენთ", - ამბობს ოდიშარია.

ბექა დავითულიანი კი ტელეკამერების წინ ამტკიცებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად "ქართული ოცნება" ძალაუფლებას არ დაკარგავს.

ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიცია უმრავლესობაში მოვიდეს. და რომც მოვიდეს, სალომე ზურაბიშვილი აირჩიონ. თუმცა თუ ისინი ამ გასაოცარ შედეგს დადებენ, მერე რაც უნდათ ის უქნიათ, რა ჩვენი საქმე იქნება. არ მჯერა, რადგან წინა არჩევნებზე ლამის იუდად გამოაცხადეს. თუ ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი, ამას თავის დროზე გაიგებთ", - ამბობს დავითულიანი.

მსგავსი სიახლეები