,,ლელო”-ს ხედვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით - ბრიფინგი პარლამენტში

12.06.24 14:24
,,ლელო”-ს ხედვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით - ბრიფინგი პარლამენტში

„ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და საპარლამენტო მდივანმა ლანა გალდავამ პარლამენტში ბრიფინგი გამართეს. საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის საჭიროებას შეეხებოდა. 

„ლელოს“ ლიდერების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საჭიროებს ფუნდამენტური რეფორმის ჩატარებას, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს უწყების დეპოლიტიზებას.

  • სუს-ი არ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები უწყება და ჩადგეს არა მმართველი პარტიის, არამედ ქართველი ხალხის სამსახურში. სუს-ი უნდა ემსახურებოდეს მის  გაცხადებულ მისიას.
  • საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები”.
     
  • უსაფრთხოების სამსახურების მიერ ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების არქონა, მასობრივი უკანონო თვალთვალი/მიყურადება და  კორუფციულ ფაქტებზე დუმილი, არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 
  • ცალკე პრობლემას წარმოადგენს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკული არარსებობა. 
  • საპარლამენტო უმრავლესობა, ნაცვლად საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმის უზრუნველყოფისა, ფორმალური თვალსაზრისით, კანონიერ საფუძველს უქმნის ანგარიშვალდებულების სისუსტეს, თუ რეალურ არარსებობას. კონსტიტუციით განსაზღვრული ზემოაღნიშნული დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ ნდობა დაბალია, როგორც მოქალაქეებში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში"- ამბობენ პარტიაში. 

,,ლელო”-ს ხედვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით:

  •   ,,ლელო” მიიღებს ლუსტრაციის კანონს, რომლის მოთხოვნებსაც, პირველ რიგში, მკაცრად უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სექტორში მომუშავე ყველა პირი;
  •  დასრულდება უკანონო მოსმენები, თვალთვალი და ზემოაღნიშნული გზით მოპოვებული კრებსებით დანაშაულებრივი მანიპულაციები;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამოერთმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია, რაც გადაეცემა საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილ ახალ დამოუკიდებელ უწყებას - ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე, მისი გადაწყვეტილებები კი გახდება საჯარო;
  •  ,,თავდაცვის და უშიშროების” კომიტეტი გაიყოფა ორ კომიტეტად - თავდაცვის კომიტეტად და ძალოვანი უწყებების კომიტეტად;
  • საქართველოს პარლამენტში გაუქმდება ნდობის ჯგუფის ფორმატი და უსაფრთხოების სექტორში საიდუმლო ნაწილის კონტროლი დაექვემდებარება ძალოვანი უწყებების კომიტეტს;
  •   თავდაცვის კომიტეტის წინაშე ანგარიშვალდებული გახდება ქვეყნის თავდაცვაზე პასუხისმგებელი ყველა უწყება;
  • საპარლამენტო ოპოზიციას კანონით მიენიჭება უფლება, კომიტეტზე დაიბაროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სავალდებულო წესით, სადაც ასევე უზრუნველყოფილი იქნება მედიის დასწრება და ეროვნული უსაფრთხოების თემატიკაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვა;
  • გაიზრდება არასამთავრობო სექტორის როლი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის პროცესში.
     

მსგავსი სიახლეები