პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ზიზღის კამპანიას ეწევიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმას აგრძელებს - შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები "ზიზღის კამპანიას" ეწევიან.
პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრის დროს ირწმუნება, რომ ევროპული სტრუქტურებისგან "წაყრუებები" საქართველოში პოლარიზაციას აღვივებს.
"ეს არის შემთხვევები, რომელსაც სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის არცერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია" - აცხადებს რუსული კანონის მხარდამჭერი, რომელიც საერთაშორისო მეგობარს "ფაქტების" გამოძიებისკენ მოუწოდებს.
რა ხანია ვხედავთ მუქარას, დაშინების მცდელობას, სატელეფონო ზარებს, ოჯახის წევრებზე თავდასხმას, მუქარას, ტელეფონების ნომრების გასაჯაროებას, ტერორს ოჯახებზე, პირად სივრცეში მივარდნას და ზიზღის ენას - ამ ყველაფერს კოორდინირებულად ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ ორგანიზაციების ნაწილი არის დაფინანსებული ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ევროპის დემოკრატიის ფონდი. კიდევ ერთხელ მივმართავ ევროკავშირის წარმომადგენლობას, როგორც საქართველოში, ისე საერთოდ, ევროკავშირს და ევროკომისიას, შეისწავლოს ის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებულები არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით.
ეს არის შემთხვევები, რომელსაც სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია. ამას არ გამოხმაურებია არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ დაეგმო ეს ძალადობა, ტერორი, მუქარა, ზიზღის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს წაყრუება თავის მხრივ, შეიძლება იქნას ამ ჯგუფების მხრიდან გაგებული, როგორც წახალისება. ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო იმატებს მათი მხრიდან ეს ზიზღის კამპანია, რომელიც თავის მხრივ, აღრმავებს პოლარიზაციას. სამწუხაროა, რომ ამ პოლარიზაციის არათუ გაღრმავების წინააღმდეგ რამეს აკეთებენ ევროპული სტრუქტურები, არამედ ამ წაყრუებით და იმით, რომ ეგუებიან, რომ ევროკავშირის ფული იხარჯება იმ ორგანიზებაზე, რომლებიც ჩართულები არიან ზიზღის და პოლარიზაციის კამპანიაში, თავისთავად ვნებს საქართველოს. მივმართავ ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს, შეისწავლოს ეს საკითხი და დააფიქროს თავისი პოზიცია," - განაცხადა პაპუაშვილმა.