"ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ - ივანიშვილის გუნდი ისევ კონსტიტუციის დარღვევაზე ალაპარაკდა
დიპლომატების დანიშვნის სკანდალი - "ქართული ოცნება" ყველაფერს ტრადიციულად სალომე ზურაბიშვილს აბრალებს. ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ელჩებს განზრახ არ ნიშნავს და ამ ნაბიჯით კონსტიტუციას არღვევს.
ჩვენ როცა ის გვეუბნება, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ანტიკონსტიტუციური, ერთი მითხარით, 78-ე მუხლს არ ეწინააღმდეგება ეხლა ის, სადაც პირდაპირ წერია, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებები უნდა გავამყაროთ და ამისთის ყველაფერი გავაკეთოთ. აი ამ დროს ის ქართველი ხალხის და ხელისუფლების წარმომადგენლსი დანიშვნას ის აფერხებს. ეს არის ოქსიმორონი", - ამბობს ბექა ოდიშარია.
არჩილ თალაკვაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერია, ამიტომაც "ოცნების" დეპუტატს არ უკვირს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ელჩის დანიშვნას ხელს არ აწერს.
საზოგადოებას ეუბნება, მე ზეპარტიული პრეზიდენტი კი არა ვარ, გამაერთიანებელი კი არ ვარ და სახელმწიფო ინტერესებს კი არ წარმოვადგენ სრულად, არამედ კონკრეტულად ვარ ოპოზიციის ლიდერი და ოპოზიციის ლიდერი თუ არის, გასაკვირი არ არის, რომ ელჩს არ ნიშნავს, კანონს ვეტოს ადებს და ფეხბურთელებს არ აჯილდოებს პოლიტიკური მოსაზრებების გამო", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამჯერადაც კონსტიტუციური ჩარჩოდანაა გასული.
პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან ზოგადად ისაუბრა პრეზიდენტის პოზიციის შესახებ.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩებს, „არადა მას არ აქვს შინაარსობრივი განსჯის უფლება საქართველოს კონსტიტუციით“.
ამ ეტაპზე კონკრეტულად რომელი ქვეყნებია არ მაქვს ინფორმაცია. [სალომე ზურაბიშვილთან] არა თუ პრეტენზია გვაქვს, როგორც გახსოვთ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოში თავის დროზე. ზუსტად იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც ისე წარმოაჩენდა, თითქოს შეეძლო განახორციელოს საერთაშორისო ვიზიტები თანხმობის გარეშე. ერთი პერიოდი ელჩებს არ ნიშნავდა, თითქოს მისი გადასაწყვეტია სად იყოს ელჩი და სად - არა; თითქოს უნდა ჩაერიოს და თავად განსაზღვროს. ესეც, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა.
მთელი საკითხი რაშია - ქალბატონი სალომე დღეს, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მიღმა იკავებს თავის პოზიციას. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ზურაბიშვილი თავის პოზიციას ინარჩუნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაში ხელისშეწყობა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი განგრძობითად ერთად არღვევენ კონსტიტუციას იმით, რომ ის კვლავ არის იმ პოზიციაზე, სადაც არის. ეს შემდეგ სხვა დარღვევებს ახალისებს.
ზურაბიშვილი წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში ვინაიდან, მან ნახა, რომ აქვს უცხო ძალებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ეს არისა დღევანდელი მოცემულობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით ამ საკითხზე განმარტება არ გაუკეთებია.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების მუხლში წერია, რომ პრეზიდენტი „მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს“.
ამასთან საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მის ელჩად დანიშნავს ხელი არ მოაწერა.
ბურჭულაძემ "პირველებთან" ინტერვიუში თქვა, რომ ზურაბიშვილი მას NATO-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე არ ბლოკავს.
ექსმინისტრი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან მისი კანდიდატურა საერთოდ არ არის გადაგზავნილი. მეტიც, თუ მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წარმომადგენელს დავუჯერებთ, სალომე ზურაბიშვილთან ელჩების კანდიდატები არჩევნებამდე არ გაიგზავნება: