რა ბედი ელის საქართველოს რუსული კანონის დამტკიცების გამო?
რა ბედი ელის საქართველოს რუსული კანონის დამტკიცების გამო - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირში არსებობს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ საქართველოს მოლაპარაკებების ფანჯარა აღარ გაუხსნას.
- 24 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან. მთავარ საკითხად საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, კონკრეტული პირების მიმართ მკაცრი ნაბიჯების გადადგმას განიხილავენ. სავარაუდოა, რომ შეხვედრაზე ასევე ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას გადახედვისა და ინდივიდუალური შეზღუდვების დაწესების შესახებ იმსჯელებენ.
- 27 ივნისს კი ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოები შარლ მიშელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ჯოზეფ ბორელთან ერთად იმ საპასუხო რეაგირებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა გატარდეს.
საქართველოში პორტუგალიის ელჩი, ჯაო გომეშ კრავინო "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქცირების პირველი პაკეტი გზავნილია, რომელიც "ოცნებამ" უნდა გაითვალისწინოს.
მისი თქმით, აშშ-ის უმწვავესი სიგნალის დაიგნორების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს კონკრეტული შედეგები მოყვება.
რაც შეეხება საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, მე პორტუგალიელი ვარ და ეს პროცესი გავიარე. ეს არის დემოკრატიის გაღრმავების და კონსოლიდაციის პროცესი და არა საპირისპირო. თუ შენ საპირისპირო მიმართულებით მიდიხარ დემოკრატიის ხარისხის კუთხით, მაშინ შენ ევროკავშირის შორდები. ეს არის შეშფოთების მთავარი საკითხი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო დაგვიახლოვდეს და არა დაგვშორდეს. საქართველოში დემოკრატიის ხარისხის დეგრადაცია ძალიან გვაწუხებს და იმედი გვაქვს, რომ მთავრობა მომდევნო თვეების განმავლობაში ისევ დაგვიახლოვდება.
თვის ბოლოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის იქნება დისკუსია, თუ რა საჭირო ქმედებები შეიძლება განხორციელდეს მათი მხრიდან. ევროკავშირი სანქციების საკითხზეც ისაუბრებს. ვფიქრობ, სიგნალი რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასცა, არის ძალიან ძლიერი. ესეც პროცესის ნაწილად უნდა გავიგოთ. იმედი მაქვს, რომ მთავრობა და ხელმძღვანელი პირები გაიგებენ ამ სიგნალს და დაუახლოვდებიან ევროკავშირს", - ამბობს ჯაო გომეში.
ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყანა მაინც აამოქმედებს ეროვნულ სანქციებს, ამას სარკისებური ეფექტი ექნება.
ანუ, თუ პირობითად ესტონეთი რუსული კანონის ხელმომწერებს დაასანქცირებს, არ არის გამორიცხული, რომ ამ ადამიანებს გადაადგილების უფლება სხვა ქვეყნებშიც შეეზღუდოთ.
ამას ექნება ძალიან მკაცრი, შესაბამისი რეაგირება ევროკავშირის მხრიდან, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ. სანქცირების პროცესი უკვე დაწყებულია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადეს პირველი პაკეტი სანქციებისა. ეს პაკეტი გაფართოვდება და გაიზრდება, მოიცავს ფინანსურ სანქციებსაც. ჩვენ შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ის სანქციები, რომელსაც შტატები დააწესებს, ადაპტირებული იქნება და გატარებული იქნება ევროკავშირის ქვეყნების მიერაც. ანუ, მათ მიერ უშუალოდ ინდივიდუალური სანქციების გამოცხადების პარალელურად, ამერიკის მიერ სანქცირებული ადამიანები ავტომატურ რეჟიმში ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც", - ამბობს გიგი გიგიაძე.