ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა ესტონეთის პარლამენტიდან - შალვა პაპუაშვილის პირველი კომენტარი
"მას შემდეგ, რაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე უცხო ქვეყანაში დადგა, გასაკვირი აღარაფერი არ არის" - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი ესტონეთის პარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დადგენილებას.
პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამტკიცებდა, რომ ივანიშვილის გუნდი, მხოლოდ და მხოლოდ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
"სხვა ქვეყნები როგორ იმოქმედებენ, ამაზე გავლენა არ გვაქვს და ნაკლებად ვფიქრობთ" - ამბობს რუსული კანონის მხარდამჭერი.
მას შედეგ, რაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპული ღირებულებების დარღვევით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე უცხო ქვეყანაში დადგა, ამის შემდეგ გასაკვირი აღარაფერი არ არის. მიდგომა მარტივია, საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ქართველი ხალხის მიერ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესებით იმოქმედოს. ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესებით და დაკვეთით. სხვა ქვეყნები როგორ იმოქმედებენ, ამაზე გავლენა არ გვაქვს და ნაკლებად ვფიქრობთ. როდესაც საკითხი ასე დგას, თუ რა არის უპირატესი, ქართველი ხალხის ინტერესები თუ სხვათა ინტერესები, ჩვენ ვირჩევთ ქართველი ხალხის ინტერესს", - ამბობს პაპუაშვილი.
57 მომხრე და 13 წინააღმდეგი - ამ მხარდაჭერით მიიღო ესტონეთის პარლამენტმა დადგენილება საქართველოს შესახებ.
ესტონეთის პარლამენტი, ფიქრობს, რომ აუცილებელია, ევროპულმა საბჭომ დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობის წევრებისა და პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატებს. შეზღუდვა მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას ითვალისწინებს.
ესტონეთის პარლამენტი დღის წესრიგში აყენებს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროების შეჩერებასა და სამთავრობო პროექტების დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვს.
დადგენილების თანახმად, სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ გაიწვევენ რუსულ კანონს, ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოში EU-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა შემდგომი ნაბიჯი უნდა დაბლოკოს.
მეტიც, ესტონეთის პარლამენტის დეპუტატები თვლიან, რომ ძალადობაში ჩართული სამართალდამცავებიც უნდა მოექცნენ სანქციების ქვეშ და ევროკავშირში გადაადგილების აკრძალვა უნდა შეეხოთ.
განცხადების მიხედვით, იმ შემთხევაში, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ეს სანქციები ესტონეთმა უნდა გაატაროს და ჩამოთვლილი პირები ესტონეთში არ უნდა შეუშვან.