რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის ბიზნესი აშშ-ში - რას კარგავენ სანქცირების შემთხვევაში დუგლაძე და ივანიშვილის ძმა

15.06.24 20:59
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის ბიზნესი აშშ-ში - რას კარგავენ სანქცირების შემთხვევაში დუგლაძე და ივანიშვილის ძმა

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის ღვინის ბიზნესი ამერიკაში - რას კარგავენ სანქცირების შემთხვევაში, დეპუტატი დუგლაძე და ბიძინა ივანიშვილის ძმა, რომლებიც ღვინოს ამერიკაში ყიდიან?

დეპუტატი ზაალ დუგლაძე, რომელიც ღვინის ნაწილს ამერიკულ ბაზარზე ყიდის ახლა სრულ გაურკვევლობაშია. ჯერ არც ის იცის, გააუქმეს თუ არა ამერიკული ვიზა და არც ის, მისი ღვინო ამერიკულ ბაზარზე ისევ გაეყიდება თუ არა.

მილიონერი დეპუტატი "შაბათის ეთერთან" ამტკიცებს, რომ მას შტატებში ბევრი მეგობარი ჰყავს და სანამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირების შესახებ ამერიკა ოფიციალურად გამოაცხადებდა სამი დღე მათთან საუბარში გაათენა. 

ირკვევა, რომ 2023 წელს ამერიკულ ბაზარზე ზაალ დუგლაძემ ყველაზე მეტი ღვინო გაიტანა, მისი კომპანია შტატებში ქართული ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორია. ქართულ რესტორნებში, ბრუკლინის სასურსათო მაღაზიების დახლებზე, დუგლაძის ღვინო წლიდან წლამდე უფრო ფართო ასორტიმენტით იყო წარმოდგენილი. ამ ბიზნესს ის მარტო არ აკეთებს, მისი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილია, რომელიც რუსეთთან კავშირების გამო უკრაინის მიერ უკვე სანქცირებულია.

რუსული ბაზარი, დეპუტატ დუგლაძისთვის, ღვინის გასაღების მთავარი არეალია, თუმცა 2022 წელს, რაც უკრაინაში სისხლისმღვრელი ომი დაიწყო და რუსეთს სანქციები დაუწესეს, მისმა კომპანიამ რუსეთი რისკიან ბაზრად გამოაცხადა და ცდილობდა, უფრო მეტი ღვინო ევროპასა და ამერიკაში გაეტანა.

ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში, დუგლაძის ღვინის კომპანია წერს, რომ რუსული ბაზარი არასაიმედო გახდა, რადგან დაწესებულმა ფინანსურმა სანქციებმა შეაფერხა გაყიდული ღვინით მიღებული ფულის რუსეთიდან გამოტანა. ახლა კი როდესაც ძვირიან დასავლურ ბაზარზე გადაეწყო, რუსული კანონის მხარდაჭერის გამო ამერიკული სანქციებიც წამოეწია. 

დოკუმენტების მიხედვით,  დუგლაძეების კომპანიის შემოსავლის 90 პროცენტზე მეტი ექსპორტზე მოდის. 2022 წელს  ივანიშვილ-დუგლაძის საერთო ბიზნესმა 52 მილიონ 680 ათას 128 იშოვა. აქედან 50 მილიონ  490 ათას 127 ლარი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი იყო, დოკუმენტებში არ წერია, ამ 50 მილიონიდან რა წილი მოდიოდა ამერიკაზე. 

დუგლაძეების ღვინო შეერთებულ შტატებში კომპანია "ჯორჯიან ვინტაჟს" შეაქვს. ის ამერიკაშია რეგისტრირებული და თამაზ პაკო ბატიაშვილს ეკუთვნის. 

ბატიაშვილი ამერიკაში, ნიუიორკის შტატში  მხოლოდ ერთი კონკრეტული ქართული კომპანიის დუგლაძეების ღვინოს ყიდის. 

თამაზ ბატიაშვილი "შაბათის ეთერთან" ამტკიცებს, რომ  კომპანია "ჯორჯიან ვინტაჟი" ამერიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის შექმნა და ის დეპუტატ დუგლაძის კომპანიის წარმომადგენელი არ არის,  მხოლოდ ყიდულობს დუგლაძის ღვინოს და ნიუ იორკის მაღაზიებსა და რესტორნებში  ყიდის. არადა, ბატიაშვილი დადის დუგლაძეების კომპანიის სახელით გამოფენებზე, მიღებებზე საქართველოს საელჩოში და New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება, რომ ერთადერთი ქართული ღვინო, რომლის რეალიზებასაც ახდენს დუგლაძის ბრენდია. შეერთებულ შტატებში 2023 წლის 10 მარტს  შემდგარ ღვინის გამოფენაზე ბატიაშვილი და დუგლაძე ალკოჰოლურ სასმელებს ამერიკის მოქალაქეებს ერთად აცნობდნენ.   

დუგლაძეების ღვინის კომპანია საქართველოში ყურძნის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველია. წლის განმავლობაში დეპუტატის ქარხანა 6 500 ტონამდე ყურძენს ამუშავებს.    დუგლაძის ღვინის კომპანიას რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის ძმა, დავით დუგლაძე ხელმძღვანელობს. ის კომპანიის მეწილეცაა და დირექტორიც. 

ივანიშვილის ძმის და დუგლაძის ბიზნესი ამერიკაში - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები