"ჩვენ გზას გავაგრძელებთ" - კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ამერიკული სანქციები არ არსებობს
"ოცნების" გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ ამერიკული სანქციები არ არსებობს. ამასთან, კახა კალაძე ამბობს, რომ როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს დასავლეთიდან, "ქართული ოცნება" არჩეულ გზას არ გადაუხვევს.
რაც შეეხება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე შესაძლო უარს, კალაძე ირწმუნება, რომ ეს მხოლოდ შანტაჟი და სპეკულაციებია.
არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება. რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, რაც არ უნდა პრობლემების შექმნის მცდელობა იყოს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გზას გავაგრძელებთ და ღირსეულად ვივლით იმ ოჯახისკენ, რაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ჩემს წასვლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ. მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მიზანმიმართული სპეკულაციები, შანტაჟი, მაგრამ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით წავიდეს. ძალიან მალეს ეს ყველაფერი შესრულებული იქნება, საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე ამ ყველაფერს და ბურთი იქნება უკვე მათ მხარეს, - ამბობს კალაძე.