იმედი მაქვს, რომ სანქციები არ იქნება - ლევან დავითაშვილი
საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციები არ იქნება. ლევან დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას პარტნიორებთან კომპლექსური დიალოგი აქვს და ამიტომ ფიქრობს, რომ კონსესუსი ისეთ საკითხებზეც მიღწევადია, რომელშიც ამ ეტაპზე საერთო აზრი არ არსებობს.
პროცესები არ არის მარტივი, თქვენ გესმით, გლობალურადაც. მათ შორის, აჩვენა ევროკავშირში ევროპარლამენტის არჩევნებმა, ამიტომ დიალოგი, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომლის ფარგლებშიც მე 100%-ით და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით გამოსავალს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება სანქციები. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კომპლექსური დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, რომელიც ითვალისწინებს ძალიან ბევრი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას და ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ჩვენ შევძლებთ, ვიპოვოთ საერთო ენა მათ შორის განსხვავებულ საკითხებზე, - ამბობს ლევან დავითაშვილი.
აშშ-ს შემდეგ საქართველოს მთავრობას სანქციებს ევროკავშირიც უანონსებს. თუ შეზღუდვებზე იქნება საუბარი, სავარაუდოდ, ევროკავშირის საბჭოს სამიტზე გაირკვევა, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება.