გაუგებარია რას ემსახურება ფეხბურთელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ქმედება - კობახიძე
"ქართული ოცნებამ" სპორტი ისევ პოლიტიკაში გარია. საქმე ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოებას ეხება. საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ გაუგებარია რას ემსახურება პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც სიიდან კონკრეტული გვარები ამოიღო.
გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან იმისთვის, რომ გუნდში რაიმე ტიპის უკმაყოფილება არ გამოეწვია წარდგინებას, რომ არ მომხდარიყო რარაც დიფერენცირება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც საკუთარი წვლილი მიუძღვით ნაკრების წარმატებაში, ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები და შევადგინეთ შესაბამისი სია. „ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა ამ სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება და ამ ადამიანებს შორის არიან, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში, მაგალითად, არის ალექსანდრე იაშვილი, სხვა ვიცე-პრეზიდენტები, არიან ასევე ტექნიკური ჯგუფები, რომელთა წარმომადგენლებიც იყვნენ წარდგენილი ღირსების მედალზე. გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი. მიზანშეწონილი იყო, რომ სრულად დაკმაყოფილებულიყო ის წარდგინება, რომელიც გავგზავნეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ჯილდოს მხოლოდ იმ შემტხვევაში მიიღებენ, თუ მას თავდაპირველი სიით გასაზღვრულ 53-ვე ადამიანს გადასცემენ. განცხადების თანახმად, თავდაპირველი სია შემდეგ შეიცვალა და პრეზიდენტის განკარგულებით მასში 53 ადამიანის ნაცვლად, 40 იქნა შეყვანილი.
აღსანიშნავია, რომ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ ჯილდო ყველა წარდგენილ პირს გადაეცემა.