პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ჩვენი ეროვნული ნაკრების დისკრედიტაციას ეწევა - კალაძე
პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ჩვენი ეროვნული ნაკრების დისკრედიტაციას ეწევა, - კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის გაშავების კამპანიას აგრძელებს. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ჯილდოზე წარსადგენი ფეხბურთელების სია საუთარი შეხედულებებისამებრ შეამცირა და მათი კონკრეტული ნიშნით დაყოფა განიზრახა. აქვე, კალაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ადგილი შეცდომას ჰქონოდა.
ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების დისკრედიტაციას ეწევა, ეს არის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იმ განკარგულებებით, რომელიც გამოქყვეყნდა. არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იმაში, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებები და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. როდესაც ადამიანებს რაიმე ნიშნით დაყოფ, ვიღაცას აძლევ ორდენს და ვიღაცას არა, არასწორია. პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი მოთხოვნა გააგზავნეს პრეზიდენტთან ყველა იმ ადამიანის ღირსების ორდენზე წარსადგენად, ვინც ამას იმსახურებდა. პრეზიდენტმა კი თავისი შეხედულებისამებრ, განკარგულებიდან გარკვეული ადამიანები ამოიღო და არ დააჯილდოვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი წარმატებისა და გამარჯვების მერე, არის მცდელობა, რომ დაყონ ადამიანები რაღაც ნიშნით. ყველაფერი შესაძლებელია, ვიღაცას შეიძლება შეეშალა, თუმცა, ამის აღიარებაა მთავარი და არა ის, რომ პოლიტიკური განცხადებებით, ვიღაცები დაადანაშაულო და ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირო. მსგავსი განცხადებები სამარცხვინოა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ჯილდოს მხოლოდ იმ შემტხვევაში მიიღებენ, თუ მას თავდაპირველი სიით გასაზღვრულ 53-ვე ადამიანს გადასცემენ. განცხადების თანახმად, თავდაპირველი სია შემდეგ შეიცვალა და პრეზიდენტის განკარგულებით მასში 53 ადამიანის ნაცვლად, 40 იქნა შეყვანილი.
აღსანიშნავია, რომ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ ჯილდო ყველა წარდგენილ პირს გადაეცემა.